სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების მიზნით ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამაზე მომუშავე სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების მიზნით სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა.  სასწავლო კურსი, რომლის სახელწოდებაა – „მოტივაციური ინტერვიუ“, ევროკავშირი საქართველოსთვის – „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის“ პროექტის  ფარგლებში დაფინანსდა.

ტრენინგი ხელს უწყობს სოციალური მუშაკის განვითარებას,  რათა მან ეფექტიანად  წარმართოს  ინტერვიუ/კომუნიკაცია ბენეფიციართან. არსებული მიდგომა ბენეფიციართან ფოკუსირებულია ოთხ მნიშვნელოვან პროცესზე: კეთილგანწყობის მოპოვება, ფოკუსირება, გაღვივება და დაგეგმვა ცვლილების განხორციელების მიზნით.

მოტივაციური ინტერვიუს შესახებ ტრენინგს უძღვებოდა პროექტის ექსპერტი – ია შეყრილაძე.  მოტივაციური ინტერვიუირების მეთოდი, სოციალურ სამუშაოში, ერთ-ერთ ძირითად მიდგომას წარმოადგენს. შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია პროგრამის თანამშრომლების კომპენტენციის გაზრდა აღნიშნული მიმართულებით.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის” ერთერთი პრიორიტეტია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარება.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილი პატიმრების დასახმარებლად. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები