“ჯორჯიან მანგანეზმა” ოლიმპიადაში “ვსწავლობთ ხალისით” გამარჯვებულ ჭიათურის სკოლას კომპიუტერები გადასცა (ვიდეო)

2017 წლის სასკოლო ოლიმპიადაში ,,ვსწავლობთ ხალისით“, “ჯორჯიან მანგანეზის“ თასის მფლობელი მე – 4 საჯარო სკოლა გახდა.

სკოლას „ჯორჯიან მანგანეზში“ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ნადირაძე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის დირექტორი აკაკი გურჯიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან აბრამიშვილი ეწვივნენ.

ნიკოლოზ ჩიქოვანმა სკოლას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტი მომავალშიც განხორციელდება და მასში მონაწილეობის საშუალება საქართველოს ყველა სკოლას ექნება. მისივე თქმით, ოლიმპიადა უახლოეს პერიოდში დაიგეგმება.

„კმაყოფილები არიან ბავშვები, მასწავლებლები და უნდათ ამ პროექტის შემდგომში გაგრძელებაც. თუ შედეგი არის, რა თქმა უნდა, პროექტმა გაამართლა. გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდეს მსგავსი პროექტი, მაგრამ ფინალი უნდა იყოს ჭიათურაში. უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ ოლიმპიადას“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ჭიათურის მერმა მოსწავლეებს გამარჯვება მიულოცა და კომპანიას პროექტის განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა.

„მე მინდა მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობას ამ სერიოზული ღონისძიების ორგანიზებისთვის, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ყველაზე მთავრია ის, რომ ხელმძღვანელობამ ეს ბავშვები, რომლებიც პირველ ადგილზე გავიდნენ, დააჯილდოვა კომპიუტერებით და კომპიუტერული ოთახი მოუწყო. რაც ყველაზე მთავარია, შეგვპირდნენ, რომ მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება მომავალშიც. დიდი მადლობა საჩუქრებისთვის და ბავშვების გახარებისთვის, წარმატებები მინდა ვუსურვო ამ საზრიან ბავშვებს“,-აღნიშნა ჭიათურის მერმა.

როგორც პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა მოსწავლემ, მარიკა ტყემალაძემ განაცხადა, ამ პროექტმა მათ ბევრი რამ ასწავლა და მოსწავლეები ერთმანეთს დააახლოვა.

„არ ველოდი ასეთ შედეგს, ბედნიერები ვიყავით, როდესაც პროექტის გამარჯვებულ გუნდად ჩვენი სკოლა დასახელდა, ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩატარდა ეს პროექტი და პირველივე ჯერზე ჩვენ გავიმარჯვეთ. ამ პროექტმა დაგვაახლოვა ბავშვები ერთმანეთთან და ერთიანობა გვასწავლა, სკოლის ბავშვები ერთ ოჯახად ვიქეცით. სოფლის სკოლებიც იყვნენ ამ პროექტში ჩართულები და ვფიქრობ, მათთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს“,- განაცხადა მარიკა ტყემალაძემ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. თამაშში 783 ბავშვი იყო ჩართული და მთლიანად 55 გუნდი მონაწილეობდა. სასკოლო ოლიმპიადა “ჯორჯიან მანგანეზის” თასზე სამ ლიგაში იმართებოდა, _ სპორტული, ინტელექტუალური და მხიარულთა და საზრიანთა ლიგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები