“კარფურის” სენდვიჩის მიღების უკუჩვენებით, საავადმყოფოში 4 ადამიანი რჩება, აქედან 2 ბავშვია”

„თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად, 16 ადამიანს უკუჩვენება დაუფიქსირდა.
როგორც „კვირასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, საკვების მიერ დაავადებათა სამმართველოს უფროსი ლევან ბაიდოშვილი აცხადებს, მათ ნაწლავის მსუბუქი ინფექცია აღენიშნებოდათ.
მისი თქმით, ამ დროისთვის სტაციონარში 4 ადამიანი – 2 მოზარდი და 2 ბავშვი რჩება.
„ეს არის ნაწლავის მსუბუქი ინფექცია, დიარეული კლინიკით მიმდინარე დაავადება შეიძლება ვუწოდოთ – ეს არ არის მოწამვლა, მოწამვლა არის ქიმიური ნივთიერებით და ასე შემდეგ. მსუბუქი ღებინებითა და სხვა გვერდითი მოვლენებით სამედიცინო დაწესებულებას 22–23 იანვარს 12–მა პიროვნებამ მიმართა, გუშინ გვიან საღამოდან და დღეის მდგომარეობით კიდევ 2 პაციენტი დაემატა, ბავშვებზე მაქვს საუბარი. სულ 16 პირზეა საუბარი, აქედან ოთხს არანაირი სამედიცინო ჩარევა არ დასჭირდა, მივიდნენ კონსულტაცია გაიარეს და ამ კონსულტაციით დამთავრდა პროცედურა. ამ ეტაპზე საავადმყოფოში რჩება 4 ადამიანი, აქედან 2 ბავშვია და 2 მოზრდილი, 2 მოზრდილი მაქსიმუმ ხვალ საღამომდე გაეწერება ბინაზე, ბავშვების მდგომარეობაც უკვე დამაკმაყოფილებელია, მათი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და დაახლოებით 2 დღეში მათაც გაწერენ. 3 მათგანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული ერთი კი დიღომში, ბავშვთა კლინიკაში“ –განუცხადა „კვირას“ ლევან ბაიდოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებას, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
როგორც “კვირას” სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება, რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები