„45 აბი სუბოტექსი არის 360 ადამიანის ნარკოტიკული თრობის დოზა“

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ არა აქვს მნიშვნელობა მოქმედი კანონმდებლობა იქნებოდა თუ ახალი ნარკოპოლიტიკა, ამ დოზებისთვის პირი აუცილებლად გასამართლდებოდა.

„არც ერთი ადამიანი, მითუმეტეს ახალგაზრდა, ციხეში წასასვლელად არ მემეტება, მაგრამ არსებობს კანონი, რისი დაცვაც სავალდებულოა თითოეული ჩვენგანისათვის. გუშინ, სასამართლო პროცესის შემდეგ, არასწორი საინფორმაციო კამპანია წარიმართა, რამაც საზოგაოდებაში გააჩინა ცრუ მოლოდინი, თითქოსდა რომ ყოფილიყო მიღებული ახალი ნარკოპოლიტიკა, ამ პირს ციხეში არ გაუშვებდნენ, ეს არასწორია. გარკვევით მინდა განვმარტო ის, რაც არავინ არ განმარტა –  საქმე გვაქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებთან, 45 აბი სუბოტექსი – ეს არის 360 პირის ნარკოტიკული თრობის საშუალება ინექციით. ამ ოდენობის ნარკოტიკები, თუნდაც მოხმარებისთვის, დასჯადია და ასე იქნება მომავალშიც. თავად ახალი ნარკოპოლიტიკის ავტორების მიერ შემოთავაზებულ პროექტშიც კი პირადი მოხმარებისთვის მხოლოდ მცირედი დოზა, ანუ 1 აბი სუბოტექსი  არ არის დასჯადი, აქ კი 45 აბ სუბოტექსზე გვაქვს საუბარი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ყველაზე ჰუმანური ნარკოპოლიტიკის სახელმწიფოსაც კი, სადაც ეს ოდენობა პირადი მოხმარებისთვის დასჯადი არ არის.

მივმართავ ყველას, ვისაც ამ ფაქტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება სურს, ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და ნუ ქმნით ცრუ მოლოდინებს, მითუმეტეს, ხალხის უდიდესი ნაწილი ამას არ ითხოვს. მათ ერთი სურვილი აქვთ – შემცირდეს ნარკომომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში. ეს მოხდება მხოლოდ  გამსაღებლებისადმი სასჯელის გამკაცრებით, რაც ეხება ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით შენახვა-მოხმარება-გავრცელებასაც“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები