სოჭში დაკავებული მამაკაცი აცხადებს, რომ აფხაზეთში, მონობაში იმყოფებოდა
ქალაქ სოჭთან ახლოს, მესაზღვრეებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც „უკანონოდ“ გადაკვეთა ე.წ საზღვარი აფხაზეთთან. რუსული მედიის ცნობით, მამაკაცი ირწმუნებოდა, რომ დე ფაქტო აფხაზეთში მონობაში იმყოფებოდა.
დასახლება ნიჟნი შოლოვკასთან მესაზღვრებმა შეამჩნიეს უცნობი პირი, რომელმაც მდინარე ფსოუ გადაკვეთა. როდესაც რუსეთის მხარეს გადავიდა, ის დააკავეს. მან მესაზღვრეებს უამბო, რომ იძულებული იყო საზღვარი უკანონოდ გადმოეკვეთა. მისი განცხადებით, ერთი წლის წინ, “აფხაზეთის მოქალაქეებმა” მას დოკუმენტები წაართვეს და კერძო მშენებლობაზე მუშაობა აიძულეს. ადგილობრივები კი, გაქცევაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც, სასაზღვრო პუნქტის გავლით, რუსეთში გადასვლას ცდილობდა. ამ დროისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის დაწყების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. კომპეტენტური ორგანოები არკვევენ, სიმართლეა თუ არა დამრღვევის მიერ მონათხრობი ისტორია.