კახა კალაძე: საჭიროა ლილოს ნაგავსაყრელის დახურვა, კონსერვაცია და გაზშემკრების მოწყობა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული ვითარება დაათვალიერა. როგორც მან განაცხადა, ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი და პროექტებია განსახორციელებელი. მისივე თქმით, ლილოს ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები წელს დაიწყება და 1 წლის განმავლობაში დასრულდება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარებაც, რომელიც დაადგენს, რა ოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ მოქმედი ნაგავსაყრელიდან.
“ჩვენ ახლა ნაგავსაყრელზე ვიმყოფებით, რომელიც დაახლოებით 84 ჰექტარზეა გადაჭიმული. დღეის მდგომარეობით, ნაგავსაყრელი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ჩვენი ქალაქისთვის. გასატარებელია მთელი რიგი ღონისძიებები, პროექტებია განსახორციელებელი. შესაბამისად, წელს დაახლოებით 17 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომ რამდენიმე ეტაპიანი სამუშაო განხორციელდეს. ეს არის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს მოქმედია და საჭიროა მისი დახურვა, კონსერვაცია, გაზშემკრების მოწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია გრუნტის წყლების გაფილტვრითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამ სამუშაოების შემდეგ, მეთანის სუნის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით ზაფხულის და ქარიანი ამინდის პერიოდში, მოგვარდება. წინასაარჩევნოდ, როდესაც ამ მოსახლეობას შევხვდი, დავპირდი, რომ ნაგავსაყრელის პრობლემას მოვაგვარებდი. შესაბამისად, მოეწყობა ახალი უჯრედი, რომელიც იქნება ევროპული სტანდარტების და გარემოს დაცვის ყველა მიმართულება იქნება გათვალისწინებული. სამუშაოები წელსვე დაიწყება და 1 წლის განმავლობაში შესაძლებელია ამის დასრულება. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩავატაროთ კვლევა, რა რაოდენობის ბუნებრივი აირი შეიძლება მივიღოთ ამ მოქმედი ნაგავსაყრელიდან. ამ ოდენობას დასკვნა და კვლევები გვაჩვენებს”,- განაცხადა კალაძემ.