გიორგი გახარია: ჭანტურიას დაკითხვაზე ჩემი მოადგილის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია
შს მინისტრი გიორგი გახარია, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, 40 საათით დაკავებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ადვოკატი შს მინისტრის პირველ მოადგილეს კახა საბანაძეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. როგორც მან აღნიშნა, მოცემულ საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და თავის ფუნქციას ასრულებს. მისივე თქმით, იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული.
გახარიას განცხადებით, უწყების ამოცანა ამ საქმის გახსნა და ბოლომდე მიყვანაა.
„სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას. დადგინდა, რომ ბატონი ჭანტურია იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელსაც კავშირი ჰქონდა სამსონ ქუთათელაძესთან. აქედან გამომდინარე, გამოძიება ასრულებს თავის ფუნქციას და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას ყველა სახით და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთანაც გარკვეული ეჭვი არსებობს, შესაბამისი ქმედებები იქნება გატარებული. რაც შეეხება ჩემს პირველ მოადგილეს, ის გახლავთ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, ის პირდაპირ ასრულებდა თავის ფუნქციებს და გააგრძელებს ამ ფუნქციების შესრულებას.
დაკითხვაზე, რა თქმა უნდა, იყო. შეიძლება არ უთხოვია აღიარება, მაგრამ ის ასრულებდა საგამოძიებო ფუნქციებს. არანაირ გადამეტებას იქ ადგილი არ ჰქონია. ტაქტიკას – თავდაცვა თავდასხმაა, ჩვენზე არავითარი გავლენა არ ექნება. ჩვენი ამოცანაა ეს საქმე იყოს გახსნილი, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სამსონ (სოსო) ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.