მოსამართლე განმარტავს, თუ რატომ გადაწყვიტა კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძე დარბაზიდან გაეთავისუფლებინა
საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონია ჟურნალისტებთან განმარტავს, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის თამაზ ქვლივიძის გათავასუფლების შესახებ.
ამასთანავე, მოსამართლე კატეგორიულად უარყოფს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ , რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა.
“მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი(თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში”, – განაცხადა შონიამ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ იყო ფოტო, რომელიც დაცვის უფროსის დაზიანებას ასახავდა.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სურათი იქნებოდა საქმეში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსამართლემ უპასუხა, რომ ”ახლა ეს არ იცის”.
შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ “ბასიანის” დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.