დიმიტრი ქუმსიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისის გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისში ახლად არჩეულ გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო-ს ესოდენ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას გაერო-ს მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციასთან და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გასულ წლებში გაერო-ს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ აქტივობებს საქართველოში, მათ შორის, ღვინის ტურიზმისა და მთის კურორტების განვითარების კონფერენციებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახდა, დიდი სტიმულია ახალი პროექტებისთვის, რომელსაც საქართველო ამ ორგანიზაციასთან ერთად განავითარებს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის რანგში მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგა. მისი პრიორიტეტები იქნება უსაფრთხოება, ტურისტულ ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის განვითარების მიზნით ქვეყნებისა და კურორტებისთვის ინდივიდუალური რეკომენდაციების გაცემა. ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ინოვაციებსა და მოგზაურობის ონლაინ-ბაზარზე.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან მან მადრიდის ტურისტულ გამოფენაში “FITUR 2018” საქართველოს ტურისტული პავილიონი დაათვალიერა. აღნიშნული გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები