ეს არის ნაკაწრები?! – “ბასიანთან” დაზარალებული ქვლივიძის მამიდას და ადვოკატს პასუხობს (ფოტო)

კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას დაჭრილი დაცვის ერთ-ერთი წევრი ილია კიკილაშვილი, ბრალდებულ თამაზ ქვლივიძის ადვოკატსა და მის მამიდას პასუხობს.

„ადვოკატი რომ ამბობს, უბრალო ნაკაწრებიაო, მე ჩემი ჭრილობის ფოტოს დავუდებ ცხვირწინ, ეს ნაკაწრია თუ ჭრილობა?! (ფოტოები იხილეთ სტატიის ქვემოთ) ადვოკატიც და მისი მამიდაც ამბობს, საყვარელი ბიჭიაო და ამართლებენ. ერთი კაცი რომ დაჭრა, მერე მეორე და მერე მე ორჯერ, თან 5-ჯერ მომიქნია დანა, მითუმეტეს გამომეკიდა და მაინც ცდილობდა კიდევ ჩემს დაჭრას, ეს არის მისი მოსიყვარულე ბიჭი?! მე დაველოდები სასამართლოს და მერე ვიფიქრებ დანარჩენზე. მამიკოს ფულები ვერ უშველის ვინც დამნაშავეა, მან პასუხი უნდა აგოს. დამარტყა ერთხელ, გამომეკიდა და მეორედ რომ დამარტყა, მაინც არ ჩერდებოდა. მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეგ ადამიანი კიდევ ბევრს გაამწარებს და სანამ დროა, პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე. მე ვეცდები ყველანირად, სიმართლე არ დაიმალოს და დამნაშავე დაიჭირონ. ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება“,- აცხადებს „კვირასთან“ საუბარში ილია კიკილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ როგორც ადვოკატმა ზაზა მესხმა „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, „უბრალოდ მოხდა კამათი, როდესაც ის (ბრალდებული)არ შეუშვეს კლუბში და ამას მოჰყვა გაუგებრობა. არაფერი სერიოზული არ მომხდარა, დანის წართმევის დროს მიიღო დაზიანება რამდენიმე თანამშრომელმა”, – განაცხადა თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა ზაზა მესხმა „ლიბერალთან” საუბარში.

თამაზ ქვლივიძის მამიდა ამბობს, რომ თუ დაცვის ერთ-ერთი დაჭრილი წევრი ზვიად მესხი, მის ძმისშვილს გაიცნობს, აუცილებლად შეუყვარდება.

“მე თაზოს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, დავიცვა მისი და ჩემი ოჯახის ღირსება… ის არც მკვლელია და არც მოძალადე!!!! ამდენი ცილისწამება და შეურაცხყოფა, რაც ამ დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ გაისმის, ჯერ არ მსმენია… ადამიანს დანით მოკლავ, თუ სიტყვით რა მნიშვნელობა აქვს…. გთხოვთ იყავით კორექტული და ნუ გადადიხართ ზღვარს… ჩვენ არც პრივილეგირებული ოჯახი ვართ და არც პრივილეგიებით ვსარგებლობთ…. სიკეთის მეტი არ გვიკეთებია…. ამასაც გადავიტანთ და ჩვენთანაც მოვა გაზაფხული…. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ზვიად მესხს და თუ როდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეუყვარდება….“,- წერს თამარ ქვლივიძე.

კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტი 13 იანვარს, ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი პოლიციელი და დაცვის ორი წევრი დაიჭრა. დაკავებულ თამაზ ქვლივიძეს რამდენიმე დღეში თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. პროკურატურამ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გუშინ კი, სააპელაციო სასამართლომ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველემა ბრალდებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

აღნიშნული ფოტოები „კვირას“ დაზარალებულმა ილია კიკილაშვილმა მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები