თეა წულუკიანმა კარიბის ზღვის სახელმწიფოთა სამიტზე სერვისების გაცემისა და ელმმართველობის ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა

0

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში იმყოფება, სადაც კარიბის ზღვის ქვეყნების მაღალი დონის სამიტში  მონაწილეობს.

სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა” − მინისტრმა საქართველოში ელმმართველობის სისტემისა და სახელმწიფო  სერვისების გაცემის ქართული მოდელის პრეზენტაცია გამართა და სამიტის მონაწილე ქვეყნების პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს სიტყვით მიმართა.

მინისტრმა სამიტის მონაწილეებს გააცნო საქართველოს ტრანსფორმაციის ისტორია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და დაწვრილებით ისაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელთაც მთავრობა ინსტიტუციური დემოკრატიის გაძლიერებისთვის  ბოლო 5 წლის განმავლობაში ატარებს. თეა წულუკიანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აგრესიული მეზობლისა და ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს მსოფლიო რეიტინგებში, მათ შორის, ღია მმართველობის, სამართლის უზენაესობის, ბიზნესის კეთების სიმარტივეში და სხვა. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კორუფციული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად იქცა. დღეს საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარეა, რაც ზემოთ ხსენებული მიღწევის საერთაშორისო აღიარებაა. ჩვენ ამ ზაფხულს ვუმასპინძლებთ „OGP”-ის გლობალურ სამიტს თბილისში, სადაც მაქვს პატივი, როგორც პარტნიორობის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, კარიბის ზღვის ქვეყნები ჩემი მთავრობის სახელით მოგიწვიოთ”, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა თავის პრეზენტაციაში დაწვრილებით ისაუბრა ბიუჯეტის მონიტორინგის, ელექტრონული ტენდერების სისტემის, ადგილობრივ თვითმმართველობებში ელმმართველობის დანერგვის, მოქალაქის პორტალის (my.gov.ge), საჯარო რეესტრის, როგორც პირველი სახელმწიფო უწყების, მიერ ბლოკჩეინსისტემის დანერგვის შესახებ.

იუსტიციის მინისტრმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, სახელმწიფო სერვისების გაცემის ქართულ მოდელს დაუთმო და კარიბის ზღვის ქვეყნების წარმომადგენლებს საზოგადოებრივი ცენტრებისა და იუსტიციის სახლების  კონცეფცია გააცნო.

„თუკი თქვენ ცხოვრობთ საქართველოს 51 სოფლიდან ერთ-ერთში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, შეგიძლიათ, სოფლიდან გაუსვლელად მიიღოთ ყველა სერვისი, რომლებიც დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლებში გაიცემა (დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობები, პასპორტი, საკუთრების რეგისტრაცია და სხვა); ამას გარდა, ისარგებლოთ ბიბლიოთეკით; თავისუფალი ინტერნეტით; საზოგადოებრივი დარბაზით, სადაც შეკრებებისა და აქტუალური საკითხის განხილვისთვის, ასევე, ტრენინგებისთვის  საჭირო გარემოა შექმნილი; ბანკისა და მობილური ოპერატორების მომსახურებით. დღეს საქართველოს აქვს ელმმართველობის 21-ე საუკუნის მმართველობის სისტემა და გვაქვს პატივი, ყველა დაინტერესებულ ქვეყანაში მისი ექსპორტი განვახორციელოთ”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მინისტრმა სამიტის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ელმმართველობის სისტემების ბიუჯეტირებას   და სხვა გამოწვევებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ სამიტის ფარგლებში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ საქართველო, ესტონეთთან ერთად, არაერთხელ დასახელდა ელექტრონული მმართველობისა და სერვისების გაცემის საუკეთესო და მისაბაძ მოდელად მსოფლიოში.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები კარიბის ზღვის რეგიონში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციებთან.

კომენტარები

კომენტარი