თეა წულუკიანი: მზად ვართ, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები ჩვენ შევიფაროთ სამუშაოდ
“მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების, პრეზიდენტის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ,” – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მან იუსტიციის სახლში მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების შეშვებაზე უარი განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, პრეზიდენტმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისიის სამუშაო ადგილად იუსტიციის სამინისტროს სისტემა გამოაცხადა, რითაც შარშან მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.
“საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისთვის და აქ პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების, პრეზიდენტის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა იუსტიციის სახლში ტრადიციული შეკრებისთვის მისული კომისიის წევრები შენობაში არ შეუშვა.
მოქალაქეობის საკითხთა კომისია ორი დღის წინ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა.