მარიამ გობაშვილის სამარხის ქანდაკებას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საჩხერისის მუნიციპალიტეტში მდებარე მარიამ გობაშვილის სამარხის ქანდაკებას  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ქანდაკებას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის  ბრძანებით განესაზღვრა.
მარიამ გობაშვილის სამარხის ქანდაკება საჩხერეში. წმ. ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარეობს. იგი 1906 წ. გაუკეთებიათ. ქანდაკება დგას 10 წლის გოგონას – მარიამ გობაშვილის საფლავზე. დამზადებულია თეთრი ქვისგან. მრგვალი ქანდაკებაა. პატარა ბავშვის სახით წარმოდგენილი ანგელოზია, რომელსაც მოკლე პერანგი აცვია. პერანგის კიდეები მარშირებულია. ანგელოზს პატარა გაშლილი ფრთები აქვს. შეტყუპებული ხელები ლოცვის ნიშნად მკერდთან აქვს მიდებული. თავი დახრილი აქვს. დგას კლდოვან საყრდენზე.
ქანდაკება ქვის კუბური ფორმის პედესტალზე დგას, რომლის ოთხივე წახნაგზე წარწერებია გაკეთებული. სამ მხარეს ქართულ და რუსულ ენაზე გარდაცვლილის შესახებაა წარწერები გაკეთებული, მეოთხე მხარეს კი ეპიტაფიაა შესრულებული.
ქანდაკება მაღალმხატვრული დონით არ გამოირჩევა. ევროპული კლასიციზმისათვის დამახასიათებელი ტიპის ნამუშევარია, რაც იმ პერიოდში მრავლად გვხვდება. განზოგადებული გამომეტყველება, ინდივიდუალური ხელწერა და შემოქმედებითი ხედვა აქ არ შეიგრძნობა. სერიული ტიპის ნამუშევარია, რომლებსაც კათოლიკურ ეკლესიებში ხშირად შევხვდებით, სავარაუდოდ, საქართველოშიც ამ პერიოდის სხვა საფლავებზეც უნდა იყოს მსგავსი ნამუშევრები.
ტექნიკური შესრულებაც საკმაოდ მარტივია, არ ჩანს საჭრეთლის კვალი, ქვაზე მუშაობის ინდივიდუალობა, ქანდაკება ჩამოსხმულის შთაბეჭდილებას ტოვებს და ეს შესაძლებელიცაა, რომ ასე იყოს (ქვა საკმაოდ გაშავებული და დაზიანებულია, ზოგან შეინიშნება ფურცლოვანი შლა და გამოფიტვა, რაც მარმარილოს არ ახასიათებს). მართალია, შემოქმედებითი კუთხით ქანდაკება არ გამოირჩევა, თუმცა აქ სხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი.
გარდა იმისა, რომ ღენტორ აბაშიძის საფლავზე აკაკის ეპიტაფიაა, რაც თავისთავად უკვე ღირებულს და საინტერესოს ხდის საფლავს, მნიშვნელოვანია ისტორიული ფაქტორებიც. კერძოდ, საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ევროპასთან. ასეთი ტიპის საფლავის ძეგლების არსებობა და ფაქტები მიუთითებს იმას, რომ XX საუკუნის დასაწყისშიც, მიუხედავად გარეშე ფაქტორებისა, საქართველო ინარჩუნებს და აგრძელებს ევროპასთან ურთიერთობას. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ XIX საუკუნის შუა ხანებში თბილისში არსებობს იტალიელი ანჯელო ანდრეოლეტის სახელოსნო, სადაც ქვისგან კვეთას ქართველებიც სწავლობენ და ეუფლებიან. ანდრეოლეტის და რიცის იტალიიდან ჩამოჰქონდათ მარმარილო და მზა ძეგლებიც. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ორივე ქანდაკება სწორედ მათ სახელოსნოში – თბილისში იყოს დამზადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები