სარფის საბაჟოზე მოქალაქეები თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ
სარფში, თურქეთ-საქართველოს საზღვართან ის ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც ყოველდღიურად თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე ქალაქებში მუშაობენ. ისინი საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.
მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის 90-დღიანი ვადის გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე ვეღარ შევლენ. მოქალაქეების თქმით, შეზღუდვა უმუშევრობას იწვევს და შემოსავლის გარეშე რჩებიან.
როგორც აქციაზე მყოფი უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე განმარტავს, აღნიშნული რეგულაციით თურქეთში ერთი საათით გადასვლა მოქალაქეს საზღვრის კვეთის ერთ დღედ ეთვლება, რაც შემდგომში პრობლემებს უქმნით მათ.
“ახალი რეგულაციის მიხედვით თურქეთში ერთი საათით გადასვლა მოქალაქეს საზღვრის კვეთის ერთ დღედ ეთვლება. 90 დღის ამოწურვის შემდეგ კი ისინი თურქეთში ვერ გადავლენ და ლუკმა-პურის ფულს ვერ იშოვიან”,-აცხადებს უფლებადამცველი.
სამართალდამცველები ადგილზე მობილიზებულები არიან და მოქალაქეების დაშლას ცდილობენ.