სასჯელაღსრულების სამინისტროში ქალ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა საჭიროებებზე იმსჯელეს

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ქალ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა საჭიროებების კვლევის განხილვა მოეწყო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა სამინისტროს ერთიან სამომავლო სტრატეგიაზე პასუხისმგებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, გაეროს ქალთა ფონდის და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მსჯავრდებულ და პრობაციონერ ქალთა გამოკითხვის შედეგები, პრობაციის სერვისები, პენიტენციურ დაწესებულებებში 2013 წლისა და 2014 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მიღწეული პროგრესი და მიმდინარე რეფორმები. ამ კუთხით განსაკუთრებით ფასეული იყო კვლევის განმახორციელებელი გუნდის და სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემის იმ თანამშრომელთა დიალოგი, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ მიმდინარე რეფორმებს.
შეხვედრის განსაკუთრებული სტუმარი იყო სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) დაწესებულების დირექტორი. განხილვას თანათავმჯდომარეობდნენ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ქრისტესაშვილი და გაეროს ქალთა ფონდის პროგრამის მრჩეველი, თამარ საბედაშვილი.
ქალ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა საჭიროებების კვლევა გაეროს ქალთა ფონდის დაკვეთით 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარა ციხის საერთაშორისო რეფორმამ ქალ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა გამოკითხვის შედეგად. კვლევა დაეფუძნა პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის შესაბამისობას გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან ქალ პატიმართა მოპყრობის შესახებ ( ,,ბანგკოკის წესები“). სამინისტროს წარმომადგენლებისგან შეხვედრისას მიღებული ინფორმაცია კვლევის შედეგად მიღებულ საბოლოო რეკომენდაციებში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები