აჭარის კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრები საბჭოს ტოვებენ

   აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრები “აჭარის ტელევიზიით“ გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან, რომელიც საქართველოს კანონში პროფესიული თეატრების შესახებ შესატან სავარაუდო ცვლილებებს შეეხებოდა.
“გუშინ აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტში, რომელიც საქართველოს კანონში პროფესიული თეატრების შესახებ შესატან სავარაუდო ცვლილებებს შეეხებოდა, აჭარის განათლების, კულტურისა, და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, ქალბატონმა ირინა სურმანიძემ გააკეთა კომენტარი სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობის შესახებ. კომენტარმა, რბილად რომ ვთქვათ, გაგვაკვირვა. ამ უწყებასთან, როგორც ვფიქრობდით, საკმაოდ ღიად და ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ, მაგრამ სამინისტროს წარმომადგენელმა საბჭოს მუშაობა ცალსახად არაეფექტურად შეაფასა. სარეკომენდაციო საბჭოს მუშაობის ხარისხზე, ალბათ, სხვა დროს და სხვა სივრცეში ვიმსჯელებთ, ახლა მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ის რთული და გაუგებარი სიტუაცია, რომელიც, სხვათა შორის, აჭარის კულტურის სამინისტროს უყურადღებობით თეატრში შეიქმნა, სწორედ საბჭოს რამდენიმე წევრის ენერგიულმა ჩარევამ დაალაგა. კანონპროექტი ცვლილებების შესახებ, რომელიც სამხატვრო საბჭოს თეატრის მარეგულირებელ ორგანოდ აქცევს, ჯერ ძალაში არ შესულა და, იმედია, ჩვენი საღად მოაზროვნე თეტრალური სამყაროს ძალისხმევით, არც შევა. ბათუმი ყოველთვის განსაკუთრებული ქალაქი იყო ჩვენთვის. აჭარის კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოში ყოფნას ბათუმთან, მის თეატრებთან და ჩვენს იქაურ მეგობრებთან ალალ ურთიერთობას ვერ ვანაცვალებთ. წერილს ჩვენი საბჭოდან გასვლის შესახებ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ოფიციალურად ფოსტით ვაახლებთ საუკეთესო სურვილებით ლელა ოჩიაური ირინა ღოღობერიძე“,-აღნიშნულია განცხადებაში.
მათ წერილს ასევე უერთდებიან საბჭოს წევრები ნიკოლოზ წულუკიძე და ლაშა ჩხარტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები