სვეტიცხოვლიდან მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში ჯვრებს გადააბრძანებენ

   დღეს, აღდგომიდან მე-3 კვირას, მართლმადიდებებლი ეკლესია წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია გაიმართება.
ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს.
ეკლესია, ასევე წმიდათა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვებს იხსენებს;
წმინდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღსდგა.
წმინდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია კეთილმსახური მეფის თამარის ხსენებას აღნიშნავს.
ამასთან, დღეს ასევე მცხეთაში ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა გაიმართება.
სვეტიცხოველში, წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამ ჯვარს გადააბრძანებენ. ამ მიზნით პატრიარქმა ჯვრები სვეტიცხოველში ხარების დღესაწაულზე აკურთხა.
წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარის, დეკანოზ ბესარიონ მენაბდის თქმით, აღნიშნულ ადგილებში გასულ წელს გადაბრძანებული სამი ჯვარი, რომლებმაც ეს წმინდა გზა გაიარეს, პატრიარქის კურთხევით, სამ სხვადასხვა რეგიონში გადაბრძანდება. კერძოდ, ჯვრის მონასტრიდან ჯვარი ბოდბეში წაბრძანდება, თხოთის მთიდან – მესტიაში, უჯარმიდან კი – ახალგორში, ე.წ. საზღვართან ახლოს აღიმართება.
ჯვართაღმართების უძველესი დღესასწაული 2007 წელს აღდგა. დღესასწაულს საფუძვლად ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო. იგი მოციქულთასწორის წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. საეკლესიო გადმოცემით, ხარება დღეს წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. ამის შემდეგ უფალმა ზეცაში უჩვენა გზები, თუ სად უნდა გადაბრძანებულიყო ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე – თხოთის მთაზე და მესამე – უჯარმაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები