გიორგი მარგველაშვილი: სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება

სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

”მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში, საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს. თუმცა, ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სამსახურების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია ვერც დასაწყის და ვერც ბოლო ეტაპზე ვერ იქნება გამოტანილი სააშკარაოზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდის თაობაზეც გააკეთა კომენტარი.

”როდესაც არის დაზარალებული, მით უმეტეს როდესაც ეს ადამიანი არის ახალგაზრდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემურია, ბუნებრივია ჩვენ ეს ყოველთვის გვადარდებს. ამასთან, მინდა ჩემი პანკისელი მოსახლეობისადმი კიდევ ერთხელ გამოვხატო სიყვარული და პატივისცემა. ისინი ჩვენთან ერთად აშენებენ და აძლიერებენ ქვეყანას და ეს უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ქართული საზოგადოების განწყობა პანკისის მიმართ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები