„Home Away from Home“ – ლონდონში ანა სტაინჰაუზ-კანდელაკის გამოფენა გაიმართა

დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის. მისი დარბაზი ამ ხნის განმავლობაში არაერთი საინტერესო საღამოს მასპინძლად მოგვევლინა – იყო დოკუმენტური ფილმის პრემიერა, წიგნის წარდგენა და პერსონალური გამოფენა.
ახლახან, ექსპოზიცია, რომელიც ანა სტაინჰაუზ-კანდელაკის (Anna Steinhouse-Kandelaki) ნამუშევრებს დაეთმო.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა ლონდონიდან აცნობა, ანასთვის განვლილი წელი ძალზე მნიშვნელოვანი შედეგებით აღინიშნა. მან დაასრულა ლონდონის სამხატვრო აკადემია. სადიპლომო ჩვენებაზე წარმოდგენილმა მისმა ხუთ ნამუშევარმა საგამოცდო კომისიის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ახლანდელ პერსონალურ გამოფენაზე კი, რომელიც დიდ ბრიტანეთში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თამარ ბერუჩაშვილის პატრონაჟით გაიმართა, მხატვარმა ათი სურათი გამოიტანა, სადაც სადიპლომო ნამუშევრებთან ერთად ხუთი ახალი ნამუშევარიც იყო ჩართული.
გიორგი ლალიაშვილი:
„მხატვარის ამჟამინდელ პერსონალურ გამოფენას საელჩოს დარბაზში, სადიპლომო სერიას მსგავსად, „Home Away from Home“ ერქვა და ლონდონში და უცხოეთის სხვა ქვეყანაში მცხოვრებ იმ ქართველებს მიეძღვნა, რომლებიც კარგა ხანია ემიგრაციაში ცხოვრობენ და საქმიანობენ, მაგრამ ისტორიულ სამშობლოსთან სულიერი კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ. პირიქით, რითაც და როგორც შეუძლიათ, ცდილობენ, უცხო გარემოში კეთილი სამსახური გაუწიონ მშობლიურ ქვეყანას.
ანამ ხატვით სერიოზული დაინტერესება გვიან დაიწყო. მანამდე იგი საბანკო სექტორში მუშაობდა ლონდონის სიტიში. მხოლოდ ოთხი წლის წინათ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მხატვრობისთვის დაეთმო ძირითადი დრო.
ანამ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა ლონდონის სკოლის– ბეიკონის, ფროიდის, ფრანკ ავერბახის, დევიდ ჰოკნისა და მათი თაობის მხატვრობის მიმართ. ეს ხომ ის სკოლაა, რომლმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე არტზე. მან ხელი მიჰყო ამ სკოლის პროფესიულად ათვისებას ლონდონის სამხატვრო სკოლებსა და აკადემიებში, სადაც დაგროვილია უამრავი ცოდნა და გამოცდილება, რომლის მეშვეობით მხატვრობით დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია მიიღოს მდიდარი მარაგი და მისი ათვისებით სცადოს საკუთარი თავის გამოვლენა ფიგურატიულ არტში.
ეკა მონიავას, ტერეზა დგებუაძე–კანდეკალის და დავით გიგაურის პორტრეტებს მე ჩემს ადრეულ მიმოხილვაში უკვე შევეხე, ახლა კი მინდა მნახველთა სამსჯავროზე პირველად გამოტანილ: ელენე გლურჯიძის, გია ყანჩელისა და ანა გოგრიჭიანის პორტრეტებზე გესაუბროთ.
ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმა–ბალერინამ, ელენე გლურჯიძემ ცამეტი წლის განმავლობაში ნამდვილი ოქროს ხანა შექმნა, საბალეტო კლასიკის თითქმის ყველა მთავარი პარტია იცეკვა მის სცენაზე. ორი წელიწადია, რაც მან დატოვა აქტიური ცეკვა და ამაჯერად ქორეოგრაფიული განათლების სფეროში გადაინაცვლა და საკუთარ საბალეტო სკოლასა და აკადემიას განაგებს. სწორედ ამიტომ ანა სტაინჰაუს-კანდელაკის პორტრეტზე სახელგანთქმული ბალერინა ყოფით გარემოშია გამოსახული. იგი ფეხმორთხმული ზის სოფაზე და მარცხენა მკლავით წითელ ბალიშს ეყრდნობა.
მთავარი აქცენტი მხატვარს სახეზე გადააქვს და მის შინაგან სიმდიდრეს და პიროვნულ სხივოსნობას იშვიათი ოსტატობით გადმოგვცემს. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია ელენე გლურჯიძეს, ყველა დამერწმუნება, რომ მხატვარმა ნამდვილად საჩინო წარმატებას მიაღწია ამ პორტრეტში. ყურადღებას იქცევს ინტერიერი, რომელიც ინგლისურ ფანჯრებს წარმოადგენს და აქ გისოსებსაც მოგაგონებთ. მხატვარმა ამგვარი ფონით საოცარი ძალით გადმოსცა შეფარული ტკივილი წარმატებული, ნიჭიერებით დაფასებული ხელოვანისა, ვისი შესაძლებლობები მხოლოდ უცხო ქვეყანაში გაიშალა, საკუთარი ქვეყნისთვის კი „მიუწვდომელი“ და მუდმივად სანატრელი დარჩა…
კომპოზიტორ გია ყანჩელის სხვა ადრეული პორტერტებიც მინახავს, ძირითადად, მისი თეატრალური მეგობრების მიერ გრაფიკული ენით ამეტყველებული და უნდა ითქვას, რომ თავისი მხატვრული გამომსახველობით და ვიზუალური მსგავსებით ეს პორტრეტი საუკეთესოა.
ხშირად მიფიქრია, რა ფერი შეიძლება მიესადაგოს ყველაზე მეტად ყაჩელის მუსიკის სიღრმესა და იდუმალებას? ანა სტაინჰაუს-კანდელაკმა მიაგნო ხავსისფერ-ჭაობისფერ მწვანეს, რომელიც თითქოს „გძირავს“ თავის წიაღში. ფონად აქ როიალი და კედლებზე დაკიდებული სამი სურათია გამოყენებული. ეს სურათები ერთგვარ ღია სარკმელებს მოგვაგონებს, საიდანაც კომპოზიტორამდე აღწევს მისტიკური ხმები და მერე მის სულში შობილი მუსიკა ამავე სარკმლებით უბრუნდება და უერთდება კოსმოსს… ამგვარი ავსებისა და დაცლის, შემოდინებისა და გადინების ფერწერული ეკვივალენტის შექმნას ახეხრხებს მხატვარი და ეს მიმაჩნია მისი ბოლო პორტრეტის ყველაზე ძლიერ მხარედ.
ანა გოგრიჭიანი არის ერთ-ერთი საინტერესო ახალგაზრდა, ვისაც ლონდონში ვიცნობ. იგი უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ქართველი, ვისი გამჭრიახობა, იუმორის უფაქიზესი გრძნობა, ადამიანებისადმი პასუხისმგებლობა და სულიერი არისტოკრატიზმი უმალ იქცევს ყურადღებას და მას სანიმუშო პიროვნებად აქცევს. ანა მოწოდებით არის ქველმოქმედი და ლონდონში გამართული აქციებიდან შეგროვებული თანხა არაერთხელ გადასცა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში როგორც გაჭირვებულ ოჯახებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს.
მხატვარმა ზუსტად მოიხელთა ანა გოგრიჭიანის ეს სულიერი ღირებულებები და უნატიფესად გადმოსცა ფერწერის ენაზე. თვით ატმის ყვავილის ფერში, რომელიც ტონალურად მსჭვალავს მთელ სურათს, უკვე გამოვლენილია მხატვრის დამოკიდებულება მოდელის მიმართ, ამასთან, საგრძნობია მისი სულის მშვენიერება და სისავსე. მზერის სიღრმე და მთლიანად სახისმეტყველება კი პორტრეტირებულის ულევ სიკეთესა და სათნოებას ასხივებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი პეიზაჟიც: „შემოდგომა საქართველოში“ და „გაზაფხული კავკასიაში“. მართალია, მხატვრისთვის წამყვანი პორტრეტული ჟანრია, მაგრამ მას შეუძლია ასევე ღრმად იგრძნოს და სათუთად გადმოსცეს ბუნების ხელშეუკარები სილამაზე, ფერები მასთან მჟღერ აკორდებად იქცევიან, რომელთაც სითბო და სინათლე მოაქვთ ჩვენამდე.
მოგეხსენებათ, ადრე საქართველოს საკმაოდ მდიდარი პორტრეტული მხატვრობა გააჩნდა. ახლა კი, აშკარად გამქრალია მისადმი ინტერესი, თითქოს მინავლდა მისადმი მოთხოვნილება, რაც სადღეისოდ და მომავლისთვის კიდევ უფრო საგრძნობ დანაკლისს გვაგრძნობინებს. ეს ჟანრი იმსახურებს სერიოზულ მიდგომას, რათა შთამომავლობას შემოვუნახოთ ამჟამად მოღვაწე ადამიანთა პორტრეტული გალერეა. რა დიდი დანაკლისი იქნებოდა, რომ არ გაგვაჩნდეს მოსე და ირაკლი თოიძეების, ქეთევან მაღალაშვილის, ლადო გუდიაშვილის, ნათელა იანქოშვილის, უჩა ჯაფარიძის, ესმა ონიანის, ზურაბ ნიჟარაძის, ირაკლი ფარჯიანის, გიორგი მირზაშვილის მიერ შესრულებული მეოცე საუკუნის ცნობილ ქართველთა პორტრეტები? შეუძლებელია ამ ჟანრმა ოდესმე დაკარგოს ღირებულება და ამიტომ უნდა წავახალისოთ მისი შემდგომი განვითარება საქართველოში.
ანა სტაინჰაუზ-კანდელაკი გახლავთ უდაოდ ოსტატი და ანგარიშგასაწევი მხატვარი, რომლის პორტრეტებიც გულწრფელობითა და ზემოქმედების ძალით ახლავე იქცევს ყურადღებას და ისტორიას შემოუნახავს თავის თანამედროვეთა მართალ გალერეას. მას აქვს ფრიად საჭირო და კეთილშობილური ჩანაფიქრი: ტილოებზე გადაიტანოს უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილ ქართველთა სახეები, შექმნას იმ ადამიანათა პორტრეტები, ვინც პლანეტას ჩვენი ერის ნიჭიერების დესპანებად ევლინებიან.
ლონდონსა და კანში მოღვაწე ქართველი მხატვრის ანა სტაინჰაუზ-კანდელაკის ამ სურვილის მიმართ ყურადღების გამოჩენა ნამდვილად მართებს საქართველოს კულტურის სამინისტროს, რათა განხორციელდეს 21-ე საუკუნის მართლაც საგულისხმო პროექტი. ეს ნაბიჯი კი, თავის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, სათავეს დაუდებს ესოდენ საჭირო, ეროვნული პორტრეტის გალერიის დაფუძნებას, სადაც თავს მოიყრის სამი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ქართული პორტრეტული საგანძური“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები