უვიზო მიმოსვლა, ჩინეთთან გაფორმებული ხელშეკრულება – კიდევ რით იყო მნიშვნელოვანი 2017 წელი საქართველოსთვის

2017 წლის დასრულებამდე ორი დღე დარჩა.
რით იყო გამორჩეული 2017 წელი საქართველოსთვის და რა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები მოხდა ჩვენს ქვეყანაში?! – „კვირა“ წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ:
 უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში:
2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრება უვიზოდ შეუძლიათ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროპასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.
საქართველოს მთავრობის მეთაური სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში – ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში – ბრიუსელში გაემგზავრა.
ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება საქართველოში სამდღიანი ღონისძიებებით აღნიშნეს.
 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება:
საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, სადენები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ… ხელშეკრულების ოფიციალურ ამოქმედებამდე, ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინო ექსპორტზე უკვე გადის. წელს საქართველომ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გაყიდა ჩინეთის ბაზარზე.

 დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა:

  – სტრატეგიული მდებარეობა;
შესაძლებლობა მიიღოს დიდი ზომის გემები,
მომსახურების მიღება „ერთი გაჩერების“ პრინციპით;
სწრაფი და მარტივი პროცედურები;
წლის ნებისმიერ პერიოდში უსაფრთხო ნაოსნობის შესაძლებლობა.

 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები:
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველმა 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აირჩია.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო.
 საკონსტიტუციო ცვლილებები:
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო.
თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს, რომელსაც მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 110 – მა ხმა წინააღმდეგ მისცა. დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და კენჭისყრის შედეგად, პროექტების პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.
საქართველოს ახალი კონსტიტუცია 2018 წელს, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.

 მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები განხორციელდა:
მთავრობაში განხორციელეული სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად რამდენიმე სამინისტროს შერწყმა-გაერთიანება მოხდა. განახლებულ მთავრობაში იქნება 13 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტრუქტურული ცვლილებების მიზანი უფრო მოქნილი და ეფექტიანი მთავრობა იყო.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა გასულ კვირას მხარი დაუჭირა.

საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩვენი გუნდი მომავალ წელსაც განაგრძობს, როგორც პოლიტიკური, ისე სხვა სახის სიახლეების მიუკერძოებლად და ოპერატიულად გაშუქებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები