„სპექტრში“ სანტექნიკოსებს შორის, ჩემპიონატი „ევრომასტერი 2017″ გაიმართა

საზოგადოებრივ კოლეჯში „სპექტრი“ გაიმართა ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი სანტექნიკოსებს შორის, სახელწოდებით – „ევრომასტერი 2017“, სადაც მონაწილეობას კოლეჯის სტუდენტებიც იღებდნენ, რომელთაგან 2 გამარჯვებულთა შორის მოხვდა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ კომპანია “ჯეოტურანის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხარტიშვილი და საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორი მათე ტაკიძე.
მონაწილეები კონკურსზე თეორიული გამოცდის საფუძველზე ფინალში მოხვდნენ, ფინალისტებს კი პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარდათ, სადაც კონკურსანტებს მოუწიათ სხვადასხვა სირთულის ამოცანის გადაჭრა მილაგაყვანილობის სფეროში.
ჩემპიონატის ფინალისტების შესაფასებლად, მოწვეული იყვნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები და საპატიო ჟიურის წევრები: სუნაი ტურანი – თურქული კომპანია „ტურან ბორფიტის“ დამფუძნებელი; უგურ ევრენ ჰამაში – „როტენბერგერ“ თურქეთის დირექტორი; ნაზიმ მამედოვი – „ტურან ბორფიტ აზერბაიჯანის“ დირექტორი; ლუბოვ ზაბაზნოვა – „სანტეხურალის“ დირექტორი; პაატა რუსაძე – კომპანია „ჯეოტურანის“ დირექტორი; მამული გრძელიშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ალექსი კოპალიანი – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ჩემპიონატში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ შორის ორი, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტი და ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
• პირველი ადგილისა და 1500 ლარიანი ჯილდოს მფლობელი გახდა – იმედა ხიდეშელი;
• მეორე ადგილი და 1000 ლარი ერგო – ზვიად გაბაძეს;
• ხოლო, მესამე ადგილი და 500 ლარი მიიღო – გიორგი გოთოშიამ.
პირველი სამი ადგილის მფლობელებს გადაეცათ, როგორც ფულადი ჯილდო, ასევე მიენიჭათ შესაბამისი სერტიფიკატი და უკვე დასაქმდნენ კომპანია “ჯეოტურანში” სრულ განაკვეთზე.
ჩემპიონატი “ევრომასტერი 2017” ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.
კომპანია „ჯეოტურანი“ და კოლეჯი „სპექტრი“ სამომავლოდაც ბევრ სიახლეს შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომსახურების კუთხით, ასევე იმ მიმართულებით, რომელიც ორიენტირებული იქნება ბაზარზე პროფესიონალი კადრების მოძიებით, დატრენინგებითა და დასაქმებით.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები