პარლამენტმა “მაუწყებლის შესახებ” კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა მესამე – საბოლოო მოსმენით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა და 63 მომხრე-3–ის წინააღმდეგ, დაამტკიცა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარადგინა.

პროექტით ზუსტდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პროდუქციის და არა ეთერის, არანაკლებ 25 პროცენტს, დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამებს დაუთმობს.
ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილი იქნება, შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი აზრის/აუდიტორიის კვლევა ჩაატაროს.
ამასთან, კანონპროექტით შესაძლებლობა ეძლევა, რადიომაუწყებლობის და საქართველოს რეგიონებში რადიოპროგრამების შეღწევადობის ასამაღლებლად, დამატებითი რადიო სამაუწყებლო სიხშირეები გამოიყენოს.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორის წარდგინებით, შეიტანს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში. ამასთან, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საკუთარი ინიციატივითაც შეიტანოს დებულებაში ცვლილებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს შეეხება.
სამეურვეო საბჭო უფლებამოსილი იქნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებები, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს.
კანონპროექტით, სამეურვეო საბჭოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილება, აღარ ექნება.

ცვლილებებით, ასევე განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე, კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.
საკანონმდებლო პაკეტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები