საოცარი ადგილი თბილისში – ეროვნული სასახლის მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება

25 დეკემბერს, 16 საათზე,  ეროვნული სასახლის მუზეუმი საზეიმოდ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან აცნობეს,  პროექტის  მიზანია, წარმოაჩინოს  სასახლის უნიკალური შენობა,  რომლის 200 – წლიანი ისტორია, საქმიანობა,  წარსული და დღევანდელობა  მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ისტორიასთან.  მუზეუმში გამოიფინება სასახლის  ისტორიასა და მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული უნიკალური ექსპონატები, ნივთები, ხელოვნების ნიმუშები,  პორტრეტები, არქიტექტურული ნახაზები, მაკეტები,  ავეჯი, სამკაული და ჭურჭელი, სიმბოლური დანიშნულების მქონე ნივთები.
სასახლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა ქვეყნის პოლიტიკური საკითხები: 1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1918 წლის 26 მაისს მის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა – ნოე ჟორდანიას მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 28 მაისს,  აქვე გამოაცხადეს დამოუკიდებლობა  აზერბაიჯანმა  და სომხეთმა.
პროექტი შემუშავდა ეროვნული სასახლისა და საქართველოს  ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით, პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თიკა რუხაძე,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი:

„ეროვნული სასახლის შენობა 200 წელია არსებობს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 77 წელს ითვლის. ძალიან დიდი ისტორია აქვს შენობასაც და მოსწავლე-ახალგაზრობის სასახლესაც. ამიტომ, გასულ წელს, როდესაც დირექტორად დავინიშნე, ერთ-ერთი პირველი, რაც ჩემს პროგრამაში ჩაიდო, იყო ის, რომ ეროვნულ სასახლეს უნდა ჰქონოდა თავისი მუზეუმი, რომელიც შენობის ისტორიასაც აღწერდა და უშუალოდ, მოსწავლე-ახალგაზრდობის პერიოდსაც.
ამასთან დაკავშირებით მერიასთან ერთად დავგეგმეთ ეს პროექტი და  2017 წელს ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ.
შევადგინეთ  ეროვნული სასახლის კატალოგი, რომელიც თავისთავად უნიკალურიც არის. ელექტრონული კატალოგიც  გაკეთდა და ჩვენს საიტზე აიტვირთა. მთელი სასახლის საარქივო მასალების გამოყენებით ეროვნულ სასახლეზე 50-წუთიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელშიც ძალიან ცნობილი არქიტექტორები, სპეციალისტები, ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები საუბრობენ სასახლის მნიშვნელობაზე…
პროექტი, თუ როგორი უნდა იყოს მუზეუმი, უსასყიდლოდ ეროვნული მუზეუმის გუნდმა გაგვიკეთა. ჩვენ მივმართეთ დავით ლორთქიფანიძეს, მემორანდუმი გავაფორმეთ, აქედან დაიწყო ყველაფერი. ეროვნულ სასახლესთან დაკავშირებული იქ დაცული მასალებიც გადმოგვცეს.  ხოლო ის, თუ რომელ დარბაზში რა უნდა გამოფენილიყო,  ეს ყველაფერი დაგეგმა ეროვნული მუზეუმის პროფესიონალების ჯგუფმა.
ამის გარდა, შემდგომ ეტაპზე უკვე ჩაერთო პრეზიდენტის ფონდი, რომელმაც სასახლის ძველი ავეჯის რესტავრაცია, საგამოფენო სტენდების დამზადება ნაწილობრივ დაგვიფინანსა.
მუზეუმს, 25 დეკემბერს, პრეზიდენტის ფონდთან, ადმინისტრაციასთან და ქალაქის მერიასთან ერთად გავხსნით. საზეიმო გახსნაზე მოპატიჟებულია მთელი თბილისის სამეცნიერო სამუზეუმო საზოგადოება, ოფიციოზი. ეს იქნება პატარა გახსნა, რადგან მხოლოდ პირველი ეტაპი დასრულდა, იანვრიდან კი ვეცდებით, რომ მუზეუმმა ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის იმოქმედოს და ჩვენს დედაქალაქში არსებული სხვა მუზეუმების მსგავსად, მუდმივმოქმედი იყოს.  ვემზადებით, ტარიფები მოვამზადოთ და შევჯერდეთ ეროვნულ მუზეუმთან ერთად. ამ გამოფენების ნაწილი იქნება მუდმივი და ნაწილი – ცვლადი. გვინდა, რომ აქაც მოვიდნენ და ნახონ ამ სასახლის ისტორია.
რაც მთავარია, დღე არ გავა, რომ ტურისტები, ვინც ჩამოდიან, არ მოვიდნენ და სასახლის დათვალიერება არ მოინდომონ. ამაზე დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობ, ერთი დიდი სამუზეუმო კულტურული კერა გაჩნდება თბილისში, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, რომ ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ისტორია სწორად იყოს წარმოდგენილი.
მომავალ წელს ეს პროექტი გაგრძელდება… ექსპოზიცია, რომელიც ახლა იხსნება, უკვე  ცოცხალი ორგანიზმი იქნება  და კიდევ უფრო გაზრდის ამ მუზეუმის მნიშვნელობას.
მომავალ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავი სრულდება. ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოცხადდა ჩვენს სასახლეში, შესაბამისად, ამ შენობისა და მუზეუმის მნიშვნელობაც ძალიან დიდია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ მომავალ საიუბილეო 100 წლისთავზე მუზეუმი მზად იქნება.

მარიკა დარჩია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე:

„მე ვარ 70-იანი წლების სასახლელი, რომელსაც ერგო პატივი, რომ სასახლის  ახალი თაობის მონაწილე ყოფილიყო და ძველი თაობის სინათლეც დაენახა.
სასახლე საოცარი  ადგილია, მას იმხელა ისტორია აქვს, რომ ასეთი მუზეუმის გახსნა დროულია და ძალიან ბევრი საინტერესო მასალა შეიძლება განათავსო იქ.  ეს შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის არაფორმალური ისტორიის მაგალითადაც იქცეს.
არ დარჩენილა არცერთი თაობის  წარმომადგენელი, რეჟისორი იქნებოდა, ლიტერატორი თუ მწერალი, რომ სასახლე არ გამოევლო.  ძალიან საინტერესო იყო  სასახლის მხარეთმცოდნეობა, ისე კარგად მახსოვს ყველაფერი. თუნდაც გეოლოგიის დიდი სკოლა, საერთოდ, ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას.
პირველი მნიშვნელოვანი ნაწილი, საფეხური, რომელიც უნდა გაგევლო, – ის, რასაც ჰქვია დამოკიდებულება, პასუხისმგებლობის სიყვარული, სწორედ სასახლე გაძლევდა.
მე ვიყავი ინტერნაციონალური კლუბის პრეზიდენტი, სხვათა შორის, სახელი „პრეზიდენტი“ მაშინ პირველად გავიგე, ასეთი რამ იმ დროს არც იყო. ეტყობა საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობამ მოიტანა. ჩვენ ვიყავით ადამიანები, რომლებიც ვეჩვეოდით ოფიციალური სტუმრების მიღებას. ჩვენ ვხვდებოდით საქართველოში ჩამოსულ ყველა მნიშვნელოვან დელეგაციას, ვაცნობდით მათ სასახლის ისტორიას, ამიტომ ის ადამიანები, რომლებაც ეს გამოიარეს, დღეს არიან დიპლომატები, სახელმწიფო მოხელეები, კარგი მოქალაქეები.
ასე რომ, სასახლეს ადამიანური ისტორიით აქვს უზარმაზარი ხანა და საინტერესო სურათს ქმნის. ეს სურათია სწორედ ალბათ სამუზეუმო ვარიანტი. ამიტომ ნამდვილად ძალიან მიხარია, რომ ასეთ ინიციატივას განხორციელება ეღირსა, რადგან  ალბათ ბევრის ოცნება იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის ხედვა, რომელიც სასახლის ხელმძღვანელობას აქვს, ძალიან არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს თიკა რუხაძის ნამდვილად დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ამიტომ მოუთმენლად ველოდები მუზეუმის გახსნას და მინდა, რომ მას შეემატოს ბევრი საინტერესო ისტორია და სახელიც. და ასეც იქნება, ეჭვიც არ მეპარება“.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

„თავისთავად იდეას მივესალმები, რომ მუზეუმი იხსნება. ნამდვილად ძალიან გასახარია, რომ ბოლოსდაბოლოს იმ ისტორიულ შენობაში მუზეუმი დაიდებს ბინას, სადაც ამ შენობის ისტორიას გავეცნობით. სულ მწყდებოდა გული, რომ იქ არ იყო მუზეუმი და მივესალმები ამას, ნამდვილად ძალიან გასახარია“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები