ფერი, რომელიც M.G.-ის კოლექციაში არასოდეს მოხვდება – გალერეაში გაზრდილი დიზაინერის ისტორია

0

1981 წლის აპრილის მიწურულს, თბილისში მხატვარ ზურა გაბუნიას ოჯახში, გოგონა დაიბადა… მეგი იატაკიდან ჭერამდე ნახატებით სავსე მისაღებ ოთახში, პირდაპირ საგამოფენო დარბაზში იზრდებოდა.. მეგის, მამის ვიზუალი, მისი ხასიათი და ნიჭი, პირდაპირ გენეტიკური ხაზით, დიდი საჩუქრის სახით ერგო.. 6 წლის ასაკში, როცა დიასახლისის გარდერობიდან ძვირფასი კაბა გაქრა და პირდაპირ ძველი საკერავი მანქანის „მკლავებში“ აღმოჩნდა, ეჭვი უკვე აღარვის შეპარვია, რომ იმ კაბის მიღმა, რომელიც მეგის ჰქონდა მორგებული, მომავალი დიზაინერი იმალებოდა..
12 წლის ასაკში მეგის პირველი ჩანახატები შეიქმნა და აქ ჩაისახა მისი ოცნება – თუ სად იქნებოდა ის დიდი სამკერვალო, სადაც თავის პირველ კოლექციას ფრთებს შეასხამდა..
შემდგომ იყო სამხატვრო აკადემია, მაგისტრატურა, პრეზიდენტის სტიპენდია, წითელი დიპლომი და პირველი ხელფასი… მეგი, თავისი ნიჭითა და ამტანი ბუნების წყალობით, შეეჭიდა როგორც ფეხსაცმლის, ისე ტანსაცმლის დიზაინს, ძალები მოსინჯა მარკეტინგის მიმართულებით, წარმატებული აღმოჩნდა ინტერიერის დიზაინზე მუშაობაც, შემდგომ, ტყავივით მოქნილი გარეგნობისა და ლითონივით მტკიცე ხასიათის წყალობით, სწორედ ტყავისა და ლითონის გამოყენებით, შექმნა შუა საუკუნეების პერიოდის ტელეგმირები და გახდა კოსტუმების მხატვარი ტელევიზიაში. დღეს კი, ახალ აღმაშენებელზე გავლისას, შენიშნავთ მაღაზიას, რომელზე დიდი ასოებით მეგის ინიციალები M.G. იკითხება…

პატარა ასაკშივე მივხვდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი კოსტუმების დიზაინერი. დაუკითხავად ვიღებდი ღირებულ ნივთებს, ვიკერავდი ტანსაცმელს, არც თოჯინებს ვტოვებდი უყურადღებოდ… ამ ჭრა-კერვით მივხვდი, რომ მინდოდა დიზაინერეობა. თუმცა, მაინც ვთვლი, რომ პირველი ბიძგი იყო ის, თუ რა გარემოშიც ვიზრდებოდი.
მამის რეაქცია პირველი კოლექციის შესახებ…
რა თქმა უნდა, არ იყო აღფრთოვანებული, იმიტომ რომ მხატვრული კუთხით ძალიან ბევრი შეცდომა მქონდა დაშვებული, მაგრამ მე ვიყავი ძალიან კმაყოფილი, იმიტომ, რომ კოლექცია შევქმენი.ზუსტად მაშინ მიხვდა მამა, თუ რა მიმართულება მინდოდა, მე მინდოდა დიზაინერობა – მოდელირების ფაკულტეტი. მაშინ მქონდა შავ-თეთრი ფერები გამოყენებული და სხვათაშორის, იმ პერიოდის კოლექცია ძალიან ჰგავს ჩემს ახლანდელ სტილს…
მამის ხელი..
მამამ ხელი ძალიან შემიწყო, სამხატვრო აკადემიიდან სტუდენტები პრაქტიკებზე დაჰყავდა ქალაქგარეთ, ახალქალაქში, გარიყულაზე და სხვადასხვა ადგილებზე, 14-15 წლიდან დავყავდი მათთან ერთად და მეც სტუნდეტებთან ერთად ვხატავდი…
ვიცი, რომ საინტერესო ისტორია გაქვს მასწავლებელთან დაკავშირებით…
როდესაც მოდელირების მიმართულებით კათედრის პედაგოგებთან დავიწყე მომზადება, ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, თუ რატომ გადავწყვიტე, რომ უნდა ვყოფილიყავი ტყავის აქსესუარებისა და კონკრეტულად, ფეხსაცმლის დიზაინერი.
ერთ დღეს, მქონდა საშინაო დავალება, სადაც ტყავის აქსესუარების კომპოზიცია – ფეხსაცმელი, ქამარი, აქსესუარები დავხატე. სხვათაშორის, ძალიან კარგად მქონდა დამუშავებული ტყავის ფაქტურა აკვარელში.. ჩემმა უსაყვარლესმა მასწავლებელმა ეკა ბახტაძემ, როგორც კი დახედა ჩემს ნახატს, მითხრა: „შენ რომ ტყავზე არ ჩააბარო, საცოდაობა იქნებაო..“ იმ მომენტში თვალები გამიბრწყინდა, მივხვდი, რომ მეც ამ მიმართულებაში უფრო მომწონდა ჩემი თავი. ეკას ნათქვამმა ბეჭედი დაუსვა და იმ დღეს გადავწყვიტე, რომ მინდოდა ტყავის მიმართულება – ტყავ-გალანტერია-ტრიკოტაჟი.
შემდეგ იყო აკადემია…
აკადემიაში საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავირიცხე, ვარ ძალიან შრომისმოყვარე, თავი არ დავზოგე და ყველაზე მაღალი ქულებით სამეულში მოვხვდი. ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, უფრო მეტად ვნერვიულობდი, რადგან მამა სამხატვროში მუშაობდა და არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, რომ მე ზურა გაბუნიას შვილი ვიყავი, მერჩივნა მამაჩემი იქ არ ყოფილიყო მე როცა ვაბარებდი და ჩემით გამეკეთბინა ყველაფერი…
და მაშინ გამოჩნდა პირველი სამსახური…
სხვათაშორის, თავისით არა, მე ვეძებდი ნაბიჯ-ნაბიჯ სამსახურს, ძალიან მინდოდა ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამევლო და პირველივე კურსზე ვიპოვე ინდივიდუალური კერვის ფეხსაცმელების სალონი „გოლიათი“ და იქ დავიწყე დიზაინერად მუშაობა. ეს სალონი იყო პრობლემური ფეხის მქონე ადამინებისთვის, ვინც სტანდარტულ ფეხსაცმელს ვერ ირგებდა, ყველა ჩვენთან მოდიოდა.
ჩემი სახლიდან სამსახური საკმაოდ შორის იყო, ვიცვლიდი ორ ტრანსპორტს, რომ ადგილამდე მივსულიყავი, გზის გასავლელად მჭირდებოდა საათნახევარი, ზამთარში ეს იყო ძალიან რთული, მიწევდა ფეხით სიარულიც… გზაში მეძინა კიდეც… ეს არ იყო მარტივი, მთელი დღე, 13-14 საათი სამსახურში ვიყავი. ბევრი რამ ავიღე ჩემს თავზე, ვიტვირთე, უარი არაფერზე ვთქვი, არც ერთ დაბრკოლებაზე. არ მითქვამს რომ რამეს ვერ გავაკეთებდი, მქონდა მიზანი, რომ ჩემი საქმე კარგად მეკეთებინა.

პირველი ხელფასი…
მაშინდელ პირობებში, პირველი კურსის სტუდენტისთვის მქონდა ძალიან კარგი ხელფასი, 600 ლარი. მე იქ დაზგასთან „საპოჟნიკური“ ცხოვრება გავიარე. ვაკეთებდი აბსოლუტურად ყველა შავ და მძიმე სამუშაოს ჩემი ხელით, არაფერს ვთაკილობდი. ყოველდღიურად 10-20 ახალი შეკვეთა შემოდიოდა, ყველა სხვადასხვა და ინდივიდუალურ ფეხზე მოსარგები. ამ ყველა თარგსა და კალაპოტს მე ვაკეთებდი, ეს იყო პრაქტიკა, რომელიც აუცილებელი იყო.. ახლა თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ამ ყველაფერს მაინც გავივლიდი, ყველას ვურჩევ, რომ თუ უნდათ რაიმე მიმართულების დაწყება, აუცილებლად ნულიდან, მძიმე სამუშაოდან უნდა დაიწყონ, იმიტომ რომ, ის შედეგები რაც მე დღეს სახეზე მაქვს, არის იმ პერიოდის დამსახურება.
შემდეგ შექმენი ოჯახი…
19 წლის გავთხოვდი და 20 წლის ასაკში უკვე მარიამი მყავდა. დღეს უკვე 17 წლისაა, აბიტურიენტია და არჩეული აქვს მომავლის პროფესია – პროგრამირების მიმართულებით.
როცა დედა გავხდი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი ჩემი თავის, ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის მიმართ, ეს ის პერიოდია, როცა ვცდილობდი, რომ სხვისი გამომუშავებული არც ერთი ლარი არ მქონოდა დახარჯული, მქონოდა შემოსავალი. 2004 წელს დავამთავრე აკადემია და გავაკეთე ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ნატურალური ტყავისგან დამზადებული საცურაო კოსტუმები და ფეხსაცმელები – თავიდან ბოლომდე ჩემი ხელით, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
სალონ „სტილში“ გადასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღე…
დამიკავშირდა ჩემი ახლობელი თამარი და მითხრა, რომ ფეხსაცმელების სალონის გახსნა და საქმის ნულიდან დაწყება სურდა. თავად სხვა პროფესიის იყო და სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, ვინც ყველაფერს თავის თავზე აიღებდა, მეც დავთანხმდი… გავხსენით სალონი „სტილი“ და ნულიდან დაწყებული საქმე საკამოდ წარმატებულად წარვმართეთ. თუმცა, სამი წლის თავზე დადგა ის მომენტი, რომ მინდოდა ჩემი სალონი მქონოდა. დაემთხვა ისე, რომ თამარს უკვე თავისი საქმე ჰქონდა, მან სხვა გარემოებას მიანიჭა უპირატესობა და დავრჩი ამ სალონში მარტო სამართავად. არ მქონდა იმის საშუალება, რომ ინვესტიცია ჩამედო, მართალია სალონი მზად იყო, მაგრამ ელემენტარულად ტყავის შეძენა გვინდოდა, მარაგი სავსე არ გვქონდა. ფაქტობრივად, იქვე დავიწყე ნოლიდან, მართალია მასალა არ მქონდა, მაგრამ როცა უკვე შეკვეთები ავიღე, შემოსავალი შემოვიდა, ჩვენ ჩვენი მომხმარებელი გვყავდა…
როგორც ვიცი, ამ პერიოდში შენს პირად ცხოვრებაში პრობლემები გაჩნდა…
დაახლოებით სამი წელი მქონდა ჩემი სალონი და ზუსტად ამ პერიოდში ოჯახი დამენგრა, დავრჩი მარიამთან მარტო… მყავს ორი და და, შესაბამისად, ჩემს შვილს სამი-ოთხი დედა ჰყავდა, ყველა მხარში მედგა, სხვანაირად, მე ამ თანადგომის გარეშე გამიჭირდებოდა მუშაობა…
შემდეგ იყო ომი. 2008 წელი მე კი არა, მთელი საქართველოს ფინანსურ მდგომარეობას ძალიან დაეტყო. ბევრი საქმე გაჩერდა და დაიხურა. იმ მომენტში შევქმენი მეორე ოჯახი და დავრჩი ფეხმძიმედ. ძალიან განვიცადე სალონის უკუსვლა – იმ წლის კრიზისი, ხალხი რეკავდა არა იმის გამო, რომ ახლის შეკერვა უნდოდათ, არამედ, ძველის შეკეთება სურდათ. შესაბამისად, ამ ტემპით და ამ სიტუაციაში მე ვერ გავაგრძელებდი სალონის შენახვას. ისე განვიცადე ეს ამბავი, მივხვდი ჩემი თავისთვის უნდა მიმეხედა, ბავშვი ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, 2009 წელს სამსახურს თავი დავანებე და ფართი ჩავაბარე. თუმცა, ჩემს მუდმივ მომხმარებლებს, უარს არ ვეუბნებოდი და მიუხედავად იმისა, რომ სალონი დახურული იყო, ჩემს ხელოსნებს ვთხოვდი, შეკვეთა შეგვესრულებინა. არ მინდოდა ჩემი მუდმივი კლიენტებისთვის გული დამეწყვიტა, მინდოდა მათი ერთგული ვყოფილიყავი.
და ამ პერიოდში გამოჩნდა ფეხსაცმლის მასიური წარმოების ცეხი…
დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც ფეხსაცმლის მასიური წარმოება ჰქონდა და შემომთავაზა მუშაობა, ვაკეთებდი დიზაინს. მასიური წარმოება კიდევ უფრო განსხვავებული აღმოჩნდა ინდივიდუალურისგან. ვიმუშავე დაახლოებით ნახევარი წელი, 2009 წელს შემეძინა თათული და ამ დროს დავანებე სამსახურს თავი. 1 წლის განმავლობაში თათულის ვზრდიდი.
როდესაც თათული 1 წლის გახდა, 2010 წელს დავიწყე რუსთავში მდებარე, ტყავის ქარხანა „ფილიმასკაში“ მუშაობა, სადაც 5 წელი ვიმუშავე. იქ არ ვიყავი დიზაინერი, ვიყავი გაყიდვების კოორდინატორი და ასე ვთქვათ, მარკეტინგშიც გამოვცადე ჩემი თავი, ათვისებული გვქონდა საქართველოს ბაზარი. ტყავის რეალიზაციის გარდა, გვქონდა სხვადასხვა პროექტი, მაგალითად: გვქონდა ხბოს ბეწვის რაოდენობა, რომლითაც მოვიფიქრეთ ხალიჩების გაკეთება, ჩემი დიზაინით გავაკეთეთ საქართველოს დროშის ფორმის უზარმაზარი „ნახატი“, რომელიც ხეზე იყო გადაჭიმული. ერთი ქარხანაში გენდირექტორი კაბინეტს ამშვენებს, მეორე კი, საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას გადავეცით.
ე.ი. თავი გამოსცადე ფეხსაცმელების სფეროში როგორც ინდივიდუალურ შეკვეთებში, ისე მასიურ წარმოებაში, ასევე მარკეტინგული კუთხით, როგორ მოხვდი პროექტში „გააგრძელე საქართველოს ისტორია“…
2016 წლის იანვარში შემომთავაზეს ტელევიზიაში, პროექტ „გააგრძელე საქართველოს ისტორიას“ კოსტუმების მხატვრად მუშაობა. პროექტის ავტორი გურამ ქართველიშვილია.
ფილმში მოქმედება ხდებოდა შუა საუკუნეების საქართველოში, იღებდნენ საბრძოლო სცენებს, სჭირდებოდათ აბჯარი, ჯაჭვის პერანგი, ისეთი კოსტუმები, რომელსაც საქართველოს ბაზარზე ვერ შეიძენ და საჭირო იყო ხელით შექმნა. დამემხმარა ის, რომ ვმუშაობდი ტყავის ქარხანაში და იქ მოიპოვებოდა მეორე-მესამე ხარისხის ტყავები, რომელიც მე მჭირდებოდა დაძველების ეფექტისთვის. კოსტუმები არ იყო ერთი მსახიობის ტანზე მორგებული, ეს იყო ცალკეული ნაჭრები: ტყავის, რკინის, რომელსაც გადაღების დროს ინდივიდუალურად ვახვევდი და ვაცმევდი მსახიობს მის როლს როგორც მოერგებოდა, ვამატებდი დეტალებს და გამოდიოდა ერთი გმირის კოსტუმი, თუმცა საბოლოო ჯამში, ერთი ნაჭრისგან ვქმნიდი რამოდენიმე კოსტუმს, რომელსაც სხვდასხვდა დროსა და ეპიზოდში სხვადასხვანირად ვიყენებდი. ძალიან დაბალი ბიუჯეტით დავდეთ ძალიან მაღალი შედეგი.
რკინა შენთვის სიახლე იყო, ამ „პრობლემას“ როგორ გაუმკლავდი?
ერთხელ, როდესაც გვჭირდებოდა აბჯარი, რომელიც რკინით უნდა მიგვეღო, წავედი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, ვიყიდე შეშის ღუმელის მილების მასალა ბრტყელ მდგომარეობაში, გავაკეთე ქაღალდის თარგები, სამხრე, გულის ფარი, სამუხლე და ა.შ., ფორმები ბაზრობაზე დავაჭრევინე, შემდეგ რადგან მასალა იყო პრიალა და მე მინდოდა სიძველის ეფექტი, ჩაქუჩისა და საღებავების მეშვეობით მივეცი ფორმა – შესაბამისად, დიდი შრომის შედეგად მივეცი ნაომარი სახე, ეს იყო ისეთი მძიმე სამუშაო, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია. თვითონ გადაღებები ძალიან რთული იყო, რადგან ზამთარში მიმდინარეობდა, თუმცა ჩვენ ეს შევეძელით და პროექტი შედგა.
შემდეგ იყო ასევე „პირველი არხის“ პროექტი აკა მორჩილაძის პიესებზე გადაღებული ათი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ფილმები ძალიან საინტერესო იყო და ყველა რეჟისორი სხვადახვა ეპოქას იღებდა, აბჯრებიდან გადმოვერთე თანამედროვე ეპოქაში, იმიტომ რომ ძირითადად 90-იან წლებს ვიღებდით. ზოგადად კინოს კოსტუმების მხატვარი -ეს ჩემთვის კიდევ ერთი გამოწვევა იყო. ყველა გადაღებაზე ვიჯექი რეჟისორის გვერდით, რომ მენახა რომელი დეტალი როგორ ჩანდა, რომ ხელოვნური არ ყოფილიყო. 5 წელი შემოქმედების მხრივ პაუზა მქონდა, რადგან მარკეტინგში ვიყავი და ეს სატელევიზიო პროექტები შემოქმედებითი თვალსაზრისით ჩემი შევსება იყო.
როგორც ვიცი, ინტერიერის დიზაინშიც სცადეთ თქვენი ძალები მოგესინჯათ..
ჩემი სახლის რემონტი გავაკეთე, ისეთი ლამაზი გამოვიდა, ვერაფრით იჯერებდნენ რომ ეს მინიმალური დანახარჯებით იყო გაკეთებული. ამის შემდეგ რამდენიმე მეგობრის სახლის დიზაინზეც ვიმუშავე.
2016 წლის შემოდგომაზე, როდესაც 10 ფილმი გადავიღეთ და ორივე პროექტი დასრულდა, პარალელურად, ტყავის ქარხნიდან დამირეკეს, რომ ერთ-ერთი კომპონენტი იტალიიდან არ ჩამოვიდა და სამი კვირა მასალა არ იქნებოდა, ასევე, მირეკავს ჩემი ის მეგობარი, რომლის სახლის დიზაინსაც ვაკეთებდი, რომ დაახლოებით 2-3 კვირა თანხას ვერ გამოაგზავნიდა და ცოტა ხანი უნდა შეგვესვენა. ასე ერთდროულად ყველაფერი გაჩერდა ჩემს ცხოვრებაში და მივხვდი, რომ 2 კვირა მაქვს ისეთი თავისუფალი, რომ რაც მინდა, შემიძლია ვაკეთო. ჩავთვალე, რომ ეს შემთხვევითი არ იყო, იყო ნიშანი და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო. ამ პერიოდში დამირეკეს და მკითხეს, თუ მივიღებდი საქველმოქმედო გამოფენაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, დავთანხმდი.
გამოფენაში მონაწილეობაზე თანხმობის შემდეგ 3-4 დღეში შევკერე იმ კაბის 10 მოდელი, რომელიც ჩემთვის მქონდა მანამდე შეკერილი და ჩემი ჩანახატები, რომელიც ფერადკანიანებზე შავ-თეთრ გრაფიკაში მქონდა გაკეთებული, პრინტის სახით ამ კაბის მოდელებზე გადავიტანე. პარალელურად გავაკეთე ტყავის ჩანთები, სამაჯურები. შესაბამისად გამოფენაზე გამოვიტანე ტანსაცმელი და ტყავის აქსესუარები ერთად ერთ კუთხეში და მეორე კუთხე გავაკეთე პროექტ „გააგრძელე საქართველოს ისტორიისთვის“ შექმნილი ფორმები. სამდღიანმა გამოფენამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, გამოფენაში ვინც იღებდა მონაწილეობას, ყველაზე დიდი გაყიდვებით ჩემი კუთხე გამოირჩეოდა, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რომ მიუსაფარ ბავშვთა სახლში ყველაზე მეტი თანხა ჩემგან გადაირიცხა.
ამის შემდეგ მოხვდი fashion week-ზე, მოგვიყევი იმ წარმატების შესახებ…
თუ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ჩნდება, არასოდეს ვამბობ უარს, ვიცი ჩემი ხასიათი.. ვფიქრობ, ჯობია გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და ის ინანო… ყოველთვის ასე ვარ.
დავთანხმდი შემოთავაზებას და გამოფენიდან დარჩენილი კოლექციის ნაწილი fashion week-ზე გავიტანე. პირველივე დღეს, ჩემი კოლექციის 80% გაიყიდა, საღამოს საკიდები ცარიელი იყო, გამოფენა 10 დღიანი იყო, ორი საკიდით ფიზიკურად ვერ ვიქნებოდი. ძალიან სპონტანურად ავიღე ჩემი სახელისა გვარის ინიციალები და მივაწერე კუთხეში. გავიქეცი სამკერვალოში, ვევედრებოდი ყველას, რომ არ წასულიყვნენ, არავინ არ დაიძინა და ზუსტად იგივე რაოდენობის კოლექცია დამახვედრეს, ამასობაში მე ტყავის ჩანთა და სამაჯურები შევკერე, რომ ტყავის ნაწარმიც შემევსო.. მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ათი დღის განმავლობაში დილით მიტანილი კოლექციები საღამოს გაყიდული მხვდებოდა, ყოველ დღე გვიწევდა ღამის გათენება.

 იმხელა მოწონება დაიმსახურა და მე ისეთი ბედნიერი ვიყავი ამ ყველაფრით, რომ თითქოს რეალობას ვიყავი მოწყვეტილი, სიზმარში მეგონა ჩემი თავი, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი შექმნილი კოლექცია ელვის სისწრაფით იყიდებოდა. მეუბნებოდნენ, რომ კოლექციას ეტყობოდა ჩემი ხელწერა და ამაზე დიდი კომპლიმენტი დიზაინერისთვის არ არსებობს.
M.G. როგორ დაარსდა
ბავშვობიდან ვოცნებობდი მქონოდა ჩემი მაღაზია, რომელსაც ერქმეოდა M.G. ამხელა აჟიოტაჟისა და წარმატების შემდეგ, მივხვდი, რომ უკვე ჩემი მაღაზია უნდა მქონოდა… ამ პერიოდში ჩემთან მეგობარი მოვიდა და მითხრა, რომ აღმაშენებელზე ფართები ქირავდებოდა.. ხანდახან მგონია, რომ ღმერთი მიგზავნის ისეთ ადამიანებს, რომ ან რაღაც უნდა მითხრას, ან რაღაც უნდა მიმანიშნოს. ამეკვიატა ფიქრი, რომ ფართი უნდა გვექირავა ახალ აღმაშენებელზე, თუმცა, იმავე დღეს გავარკვიეთ, რომ ყველა ფართი გაქირავებული იყო. ერთმა თქვა, რომ ჰქონდა ფართი, მაგრამ გარკვეული პერიოდი ვერ გააქირავებდა, რადგან საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი, არ დავანებეთ ამ პიროვნებას თავი, ორი კვირა ფართთან ვიდექი და ვეუნებოდი, რომ სარემონტო სამუშაოები უნდა დამეწყო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ფართი ჩემი ყოფილიყო. იმ დღიდან სამ კვირაში, ძალიან ბევრი ადამიანის წყალობით, 2016 წლის დეკემბერში, გაიხსნა M.G.-ის მაღაზია.
რატომ გადაწყვიტე „ისტორიის მცველები“ გაგეკეთებინა…
ძალიან მენანებოდა ჩემი ნამუშევრები, რომელიც ტელევიზიის გარდერობში ინახებოდა, ჩემს მეგობარ მსახიობებს ვთხოვე, რომ ამ ტანსცმელში შავ-თეთრი ფოტოები გადაგვეღო, შემდეგ, აღნიშნული ფოტოები პრინტის სახით თანამედროვე კაბებზე გადავიტანე. სხვათაშორის, ამ კაბებით ძალიან ინტერესდებიან ტურისტები. მაღაზიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ძირითადად, ტურისტები სტუმრობენ.
 „უნისექს“ კოლექციაზეც რომ გვიამბოთ…
ეს კოლექცია გავაკეთე ამ შემოდგომით, რომელიც ძალიან აქტუალურია, დიდი მოწონება დაიმსახურა და უზომოდ ბედნიერი ვარ. შემდეგ არ გავჩერდი და ფეხსაცმელების ახალი კოლექცია გავაკეთე, რომელიც თურმე ისეთი მონატრებული მქონია. ამდენი წლის მერე, რომ დავუბრუნდი, მივხვდი, ეს არის ჩემი საქმე, გამახსენდა ჩემი მასწავლებლის სიტყვები, და ყველაფერი ეს ისეთი ნოსტალგიური იყო…
როგორია შენი და ტყავის ურთიერთობა..
ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ტყავი უნდა იგრძნო, არ არსებობს მასალა ტყავზე მეტად რომ მქონდეს კავშირი, მე და ტყავი… ტყავის სპეციფიური დამუშავების მეთოდი მაქვს, ჩემივე შემუშავებული ტექნოლოგია და ვფიქრობ ეს M.G.-ის ნამუშევრებში ყოველთვის თვალნათლივ ჩანს..
როდის ისვენებ…

სულ ვამბობ, რომ ჩემი საქმე არის ჩემი განტვირთვა, იმ მომენტში, როცა ტყავზე ვმუშაობ არ ვიღლები, იმ დროს, იმ მომენტში მაქვს განტვირთვა. დასვენების დღე კი არა, დასვენების საათი არ მაქვს, ვერ ვაძლევ თავს დასვენების უფლებას…

ფერებს რაც შეეხება …
ფერები მუქი მიყვარს, შავი, ნაცრისფერი, თითქმის ასეთ ფერებში ვარ, თუმცა მაქვს ე.წ. გამონათებები როცა გარკვეულ ფერებს ვურევ…
რომელი ფერი არ იქნება არასოდეს M.G.-ის კოლექციაში…
ეს ფერი არის იასამნისფერი, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ეს ფერი ჩემამდე არ მოვიდა.
რას პასუხობ კითხვაზე: „მეგი, წელს რა არის მოდაში“
ბოლო ორი წელია დაგვიდგა ის პერიოდი, რომ ყველაფერია მოდაში, რასაც ერთმანეთს მოვუხდენთ და ჩავიცვამთ, იმიტომ, რომ ისე აჭრელდა მოდა, შერეულია 80-იანები, 90-იანები, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ეპოქა მეორდება, ყველაფერი ტრენდული გახდა. ჩემი აზრით, ყოველთვის ის არის მოდაში, ადამიანი, რომელ სამოსშიც გრძნობ თავს კომფორტულად, ხარ თვითდაჯერებული და განწყობა გაქვს ამაღლებული.
საყვარელი ნამუშევარი…
რამდენიმე მაქვს. პირველი, ის რაც ტელევიზიის გარდერობშია – ჩემი შექმნილი ნამუშევრები; მეორე ეს არის ჩემი ჩანახატები, რომელიც აფრიკელებზე გავაკეთე და არასოდეს გავყიდი და მესამე ეს არის ნაძვის ხე Showroom-ში, რომელიც ე.წ. ელიავაზე თოხისა და ბარის ტარებისგან გავაკეთე და მოვრთე როგორც ნაძვის ხე. სხვათაშორის, ეს ნაძვის ხე სათამაშოებთან ერთად მორთულია ბავშვის ფეხსაცმელებით, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოებად ვაქციე.
ადამიანი, რომელიც სიტყვა თანადგომასთან ასოცირდება…
ეს არის ჩემი თანამშრომელი, M.G.-ის გუნდის წევრი ლევან დვალი, რომელიც მაძლევს უდიდეს სტიმულს იმიტომ, რომ ჩემს კოლექციას, მის ყველა ნაწილსა და დეტალს აღიქვამს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, რომელზეც საათობით შეუძლია ილაპარაკოს და ჩემთვის ეს არის იმხელა სტიმული, რომ მინდა უფრო მეტი და მეტი გავაკეთო…
ვისი დამსახურებაა დღეს რასაც წარმოადგენ?
რა თქმა უნდა ჩემი წარმატება, პირველ რიგში, ოჯახის დამსახურებაა. მამა ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო, როგორც შემოქმედებითი, ისე ადამიანური კუთხით. უზომოდ თბილი ადამიანია, ამ ასაკშიც კი შეუძლია კალთაში ჩამისვას და უზომოდ მეფეროს, მიუხედავად იმისა, რომ 7 შვილიშვილი ჰყავს. რაც მთავარია, დედასთანაც უზომოდ ავლენდა სითბოსა და სიყვარულს. დედა თუ სამზარეულოში ფუსფუსებდა, მამა ყოველ გავლა-გამოვლაზე ეფერებოდა, ჩვენ, შვილები ამ ყველაფერს ვხედავდით.
არ დამავიწყდება დედაჩემის ერთი დაბადების დღე, დღე დაიწყო ასე: მამა დილის 6 საათზე წასულა სახლიდან, მოიტანა უამრავი ყვავილი. დედამ რომ თვალი გაახილა, დახვდა შემდეგი სურათი: საძინებელში, საწოლთან ჟურნალების მაგიდაზე იდგა 6 ლარნაკი და თითოში იდო: დედაჩემის საყვარელი ყვავილი ჟასმინი, მეორეში ყაყაჩოების თაიგული, მესამე- მინდვრის ყვავილები, მეოთხეში 1 ცალი ვარდი, მეხუთეში – ფერად-ფერადი ვარდების თაიგული, მეექვსეში იასამანი.. სცენა ასეთია – დედა იღვიძებს და ხედავს ამ სურათს, არასოდეს მე დედაჩემის ღიმილი არ დამავიწყდება, ის იყო ქალი, ის იყო დედა, მეუღლე, მე არ ვიცი ქალს კიდევ რა სჭირდება ბედნიერებისთვის.. ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელი სცენა, ეს იყო უზარმაზარი სითბო, ეს იყო გარემო, სადაც მე გავიზარდე, ამ სცენებით სავსე იყო ჩემი ცხოვრება…ამ ყველაფერს დამატებული ჩემი შრომისმოყვარეობა, ჩემთვის არ არსებობს ხვალ და ზეგ გადატანილი საქმეები, თუ მაქვს ათი საქმე გასაკეთებელი, აუცილებლად ვიწყებ რთულიდან. ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ხანდახან M.G.-ის თანამშრომლებთან მაქვს ხოლმე ცოტა ზედმეტი მოთხოვნები, თითქოს ყველას ვთხოვ იმდენს, რამდენიც მე უნდა გავაკეთო და რამდენიც მე შემიძლია. ხანდახან ხალხისგან მიკვირს სიზარმაცე ან, თავდადება რომ არ აქვთ. მე ახლა უკვე ჩემი გუნდი მყავს, დამხმარეები, მაგრამ მე როცა ვიყავი სხვისი გუნდის წევრი, იქაც ძალიან თავდადებული ვიყავი და ვაჭარბებდი, ვმუშაობდი იმაზე მეტს ვიდრე მევალებოდა. საბოლოოდ, როგორც უფროსი, მკაცრი არა, მაგრამ მომთხოვნი ვარ.
როგორც, თქვენმა გუნდის წევრმა მითხრა, ის მოდელი რომელსაც ქმნი, პირველი შენ გაცვია..
ასეა, მოდელს როცა ვქმნი და შევკერავ, ის მოდელი მაცვია პირველი მე.. რამდენიმე დღე ვატარებ, ვრეცხავ, ყველა სიტუაცის ვარგებ, რომ გავიგო მისი პლიუსები და მინუსები, თუ რამდენად კომფორტულია, რისი შეცვლაა საჭირო ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ვკერავ იგივეს, უკვე რამდენიმეს. ანუ მე თვითონ თუ არ დავწრმუნდი, რომ კომფორტულია და დახვეწილი, ისე ჩემს კოლექციაში ვერ მოხვდება.
მეორე ოჯახზე მოგვიყევი…
მეორე ოჯახიც დამენგრა… არ ვიცი რამ განაპირობა, თავიდან ბოლომდე გადაშვებული ვარ საქმეში და ალბათ ჩემი პირადისთვის ნაკლები დრო მრჩება, რადგან ჩემთვის პირველ ადგილზე ყოველთვის საქმეა, ამ ეტაპზე ასეა და შემდეგ რა იქნება, ვნახოთ… M.G. არის ჩემი მესამე შვილი, მყავს მარიამი, თათული და M.G… ვიცი, რომ თანაბრად უნდა გადავანაწილო დრო, მაგრამ ამ ეტაპზე M.G.-ის უფრო მეტი დრო აქვს ჩემგან დათმობილი, თუმცა დაბალანსებას ყოველთვის ვცდილობ… ჩემი პირადი კი, ყოვლთვის შემდეგ პლანზე მაქვს გადატანილი.
ერთ დღეს, როცა პირველი ოჯახი დამენგრა და ჩემს ცხოვრებაში არავინ არ ჩანდა ისეთი ვინც მე მომეწონებოდა, ავიღე ტელეფონი და მამაჩემს ვურეკავ: „მამა შენ არ შეიძლება ასეთი კარგი იყო, იმიტომ რომ ჩემთვის იდეალური მამაკაცი არის შენი მსაგვსი და ასეთები არ არსებობენ და მე რა გავაკეთო ახლა?!“ მამასნაირი ადამიანები მართლა არ არსებობენ და მგონია, რომ მართლა ამიტომ მოხდა ჩემი ორივე ოჯახის დანგრევა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ოჯახიც ძალიან დიდი სიყვარულით შევქმენი.
ინტერვიუს დროს, მეგის მეგობარი თაკო აფციაური შემოგვიერთდა, რომელმაც გაგვიმხილა რომ ბავშვობაში სურდა „მეგი გამოსულიყო“.
„მეგის როდესაც ვუყურებდი, ვერასდროს ვიგებდი საიდან მოსდიოდა ასეთი უშრეტი ფანტაზიის უნარი, სულ ვამბობდი: „ღმერთო, რომ გავიზრდები შეიძლება მეგი გამოვიდე?“ ჩემთვის მისაბაძი პიროვნებაა. ბავშვობაში მის დასთან ვმეგობრობდი, რადგან ჩემი ასაკის იყო და სულ მინდოდა მეგისთანაც მემეგობრა, იყო ძალიან განსხვავებულად კარგი და თითქოს ვერ ვკადრებდი, მერიდებოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი, ამ დროს კი, ყველაზე უშუალო ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ტანსაცმელს თუ არ იკერავს და ყიდულობს, აუცილებლად რაიმე დეტალს ამატებს და მისეულს ხდის. განსხვავებულად კარგი ადამიანია, არასდროს ამბობს სიახლის კეთებაზე უარს და ენანება ის დრო, როცა სძინავს.
მაქვს მისი სახლიდან წამოღებული ნახატი, რომელზეც დღემდე ეცინება, მე და ჩემი ოჯახი კი, ხან სად დავკიდებთ, ხან სად, ვამაყობთ მეგის ნამუშევრით“.
საუბრის ბოლოს მეგიმ ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების შესახებაც ისაუბრა, თვლის, რომ ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც მას ხელს უშლის, ფეთქებადი ხასიათია.
„როცა რაიმეს ვაკეთებ, ყოველთვის მინდა ახლავე, ამ წამს და მისთვის შეძლება ჩემს უახლოეს ადამიანებს ვაწყენინო, იმიტომ, რომ ახლა მინდა, ასეთ დროს ვემსაგავსები ცუნამს, გადავლა ვიცი ყველაფერზე ემოციურად, იმიტომ, რომ ამ წამს მინდა… თორემ ხვალ შესაძლოა გათენდეს და ის აღარ მინდოდეს, განა იმიტომ, რომ ეს გააზრებული არა მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ნაყოფიერად მხოლოდ მაშინ გამომდის საქმე, როცა დიდი შემართებით ვარ და ყველაფერი მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთადერთი, რასაც შევცვლიდი ის არის, რომ ცოტა მოთმინების უნარი მქონდეს და შედარებით რბილი ვიყო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ალბათ ბევრ რამეს ვერ მივაღწევდი..“

კომენტარები

კომენტარი