ბექა ნაცვლიშვილი: მთავრობის მუშაობა ძალიან წარმატებულად შეიძლება შეფასდეს

მთავრობის მუშაობა ძალიან წარმატებულად შეიძლება შეფასდეს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ბატონო გიორგი თქვენ სწორად, მართებულად აღნიშნეთ, რომ ევროპასთან დაახლოების პროცესმა არა მხოლოდ საგარეო, არამედ შიდაპოლიტიკური განზომილება შეიძინა და გარკვეული თვალსაზრისით გახდა რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი. ეს რეფორმები და ის რთული გზა არის ჩვენი ყველას კარგად გააზრებული არჩევანი”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა და მთავრობის იმ წვლილზე ისაუბრა, რომელიც მას, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიუძღვის.

ბექა ნაცვლიშვილმა ასევე ისაუბრა მთავრობის დიდი წვლილზე ვიზალიბერალიზაციის, ენერგო გაერთიანების თანამეგობრობის წევრობის თვალსაზრისით და ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული ადგილი აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში, რომელიც მთავრობის სწორი და გააზრებული რეფორმებისა და პოლიტიკის შედეგად, ქვეყანამ დამსახურებულად მოიპოვა.

მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა გუშინ, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ, აღებული ვადებულებების მიხედვით ვიზალიბერალიზაციისა და რეადმისიის ფარგლებში, საქართველო არის სამაგალითო.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ამაში ძალიან დიდი წვლილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიუძღვის.

მისივე შეფასებით, აღნიშვნას იმსახურებს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამები, რომელთა განხორციელებაში შესაბამისმა სამინისტრომ დიდი მუშაობა გასწია და თითქმის ყველა გრანტი სრულფასოვნად აითვისა, რამაც ქვეყანას მისცა შესაძლებლობა რომ მესამე ტრანში აეღო. „ევროინტეგრაციის და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, მთავრობის მუშაობა ძალიან წარმატებულად შეიძლება შეფასდეს”, – განაცხადა მან.

ბექა ნაცვლიშვილმა ყურადღება მთავრობაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებსაც დაუთმო და განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტი იზიარებს ამ გადაწყვეტილებას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობას სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

მან იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის და პარლამენტის ძალისხმევა ევროპასთან დაახლოების პროცესში სწორად იქნება აღქმული ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმატებით დაგვირგვინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები