მარიამ ჯაში: მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო პროგრამებში განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

მე ვარ ბედნიერი, რომ ვუდასტურებ სრულ ნდობას გიორგი კვირიკაშვილის გუნდს და მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო პროგრამებში განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება,-ამის შესახებ გათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, სამთავრობო პროგრამასთან და გუნდთან დაკავშირებით მას შეკითხვები არ აქვს, რადგან ერთ წელზე მეტია კომიტეტი ყოველწლიურ რეჟიმში განიხილავს ყველა იმ საკითხს და გამოწვევას, რაც სისტემაში არსებობს.

„დღეს მე ვარ ბედნიერი, რომ ვუდასტურებ სრულ ნდობას გიორგი კვირიკაშვილის გუნდს და მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო პროგრამებში განათლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის პერიოდში შევძელით, რომ 31 % -ით გაგვეზარდა კულტურის დაფინანსება და 66 მლნ. ლარით გაზრდილიყო განათლების სფერო. მიუხედავად აღნიშნული წინსვლისა, თუკი ჩვენ გვაქვს ამბიცია განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში რადიკალური რეფორმების გატარებისთვის, ეს მაინც არ არის საკმარისი თანხები”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კულტურის და განათლების მიმართულებებით დაფინანსების გაზრდის ტენდენცია კვლავაც უნდა შენარჩუნდეს და გაგრძელდეს ინოვაციური მეთოდების დანერგვა.

მარიამ ჯაში გუშინ მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ გუშინ დაინახა და მოხდა შეხსენება თუ რა პოლიტიკურ პლატფორმაზე იდგა წინა წლების ადმინისტრაცია.

„ეს იყო პროვოკაციული და აგრესიული პოლიტიკის პლატფორმა და საბედნიეროდ ეს უკვე წარსულია. ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ კონსოლიდაციას და მივმართავ თხოვნით ჩემს კოლეგებს, რომ გავერთიანდეთ საგნობრივი და შინაარსობლივი განხილვების გარშემო. მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და გიორგი კვირიკაშვილის გუნდს კი ჩემს ნდობას კიდევ ერთხელ ვუდასტურებ”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები