ირაკლი სესიაშვილი: გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია

გვყავს ღირსეული მთავრობის წევრები, რომლებიც საქმეს პროფესიონალიზმით, ღირსებითა და სამშობლოს სიყვარულით ღირსეულად გაუძღვებიან,-აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოვხადების მიზეზებზე საუბრისას გააკეთა.

სიტყვით გამოსვლისას იგი ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარი დემოკრატიად ვერ ჩაითვლება.

„ამ ბოლო ორ დღეში მოვისმინეთ განსხვავებული აზრები, არგუმენტები და თავისთავად ცხადია, ეს ყველაფერი არის ბუნებრივი დამახასიათებელი დემოკრატიისთვის. ჩვენ, უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას”, გვეამაყება, რომ ეს პროცესები მიმდინარეობს აქ, პარლამენტში, ჩვენი უმრავლესობის პირობებში, თუმცა, ყველა განსხვავება, რა თქმა უნდა, ვერ ჩაითვლება დემოკრატიად.

ჩვენ გუშინ ვნახეთ განსხვავებული თავხედობაც, მრავალფეროვანი ტყუილებიც და ამას ნამდვილად ვერ ჩავთვლი, რომ ეს იყო დემოკრატია”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებებსაც და აღნიშნა, რომ უმჯობესია, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში შეეჯიბროს.

სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარდაჭერა დაუდასტურა.

„გიორგი კვირიკაშვილი ჩემთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული პიროვნება და ასევე, გვყავს ღირსეული მთავრობის წევრები, რომლებიც საქმეს პროფესიონალიზმით, ღირსებითა და სამშობლოს სიყვარულით ღირსეულად გაუძღვებიან”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები