დავით ნარმანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

  კოალიცია “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დავით ნარმანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მოზარდებს და მათ მშობლებს შეხვდა. შეხვედრა ასოციაცია “ანიკას” დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან შშმ პირების საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ნარმანიამ ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც ის მერად არჩევის შემთხვევაში ამ მიმართულებით აპირებს.
“შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ჩემს წინასაარჩევნო პროგრამაში ცალკე კომპონენტი მაქვს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2013 წელს მივიღეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის რეგულაცია, რომელიც საჯარო სივრცეების და შენობა-ნაგებობების სრულ ადაპტაციას გულისხმობს. ჩემი მერობის პირობებში, ზუსტად ემთხვევა ის ვადა, როდესაც სრულად უნდა მოვახდინოთ, როგორც საჯარო ინფრასტრუქტურების, ასევე საჯარო შენობა-ნაგებობების შესაბამისი ადაპტაცია. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებებს, რომ არცერთ სამშენებლო ობიექტზე ნებართვა არ გაიცემა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ადაპტაციასთან დაკავშირებული საკითხები.
ასევე მკაცრად მოხდება მინიტორინგი, თუ რამდენად სრულდება ეს პირობა. არც ერთი შენობა-ნაგეგბობის მიღება-ჩაბარება არ მოხდება, თუ შესაბამისი წესები და რეგულაციები არ იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, მომავალმა მერმა აუცილებლად უნდა იცოდეს ის საჭიროებები, რაც შშმ პირებს სჭირდებათ.
“კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” წარმომადგენლის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საჭიროა საქალაქო პოლიტიკა ამ მიმართულებით სწორად დაიგეგმოს.
“ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. დავით ნარმანია გაეცნო შშმ პირთა და მათი მშობლების პრობლემატიკასა და საჭიროებებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში საქალაქო პოლიტიკა სოციალური მიმართულებით სწორად იგეგმებოდეს, დაგეგმვაში კი ჩართულნი იყვნენ შშმ პირთა წარმომადგენლები. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო ზუსტად, ადამიანების კონკრეტულ საჭიროებებზე იქნას მორგებული ეს პროგრამები და ნამდვილად თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ემსახურებოდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები