მთავრობის ახალ შემადგენლობას ეკა ბესელიამ კომიტეტის სახელით ნდობა გამოუცხადა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას კომიტეტის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის გზით წავიდა და საკანონმდებლო ბაზაც ევროპულ სტანდარტებს ეფუძნება.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს სრულიად სხვა სტანდარტებზეა აწყობილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამინისტროს ხედვა და ახალი მიდგომები ყურადსაღებია, რომელმაც ხელშესახები რეფორმები უნდა მოიტანოს.

„ვფიქრობ, რომ მინისტრის ხედვა საინტერესო და მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიქნებით ამ რეფორმების თანამონაწილენი. მეიმედება ეს ხედვა, ვინაიდან ეს სამინისტრო არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიის განსაზღვრის კუთხით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ასევე დადებითად შეაფასა იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, რომელსაც ეს უწყება ბოლო ხუთი წელია ახორციელებს.

მისი თქმით, საქართველოს აქვს კარგი მაჩვენებელი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების კუთხით და ეს ამ სამინისტროს დამსახურებაა. სასამართლოს რეფორმის სამი ეტაპი რომლების ამ სამინისტროს ქუდის ქვეშ განხორციელდა, იყო თამამი, გამართული, გაბედული. შედეგად, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 83%-ით არის გაზრდილი. ეკა ბესელიას განცხადებით, ამ რეფორმების შედეგებზე ისიც მეტყველებს, რომ დღეს სახელმწიფო ორგანოებთან დავების თითქმის 60% მოქალაქეთა სასარგებლოდ სრულდება, და ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა.

ეკა ბესელიას განცხადებით, მთლიანობაში ამ პროცესს უყურებს როგორც დემოკრატიისათვის კიდევ უფრო გამაძლირებელს, ახალ ეტაპს, ახალ სტანდარტს .

„ნამდვილად მეიმედება ეს პროცესი. წარმატებას გისურვებთ და , რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენ ჩვენი კომიტეტის ნდობაც”, – მიმართა ეკა ბესელიამ მთავრობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები