კვირიკაშვილმა, წინა ხელისუფლების დროს, რუსულ კომპანიებზე გასხვისებული ობიექტები ჩამოთვალა

საქართველოს პრემიერმინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატებს იმ კომპანიების ჩამონათვალი წარუდგინა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში რუსულ კომპანიებზე გასხვისდა.

თავდაპირველად ის „როსნეფტის“ მიერ ფოთის ტერმინალის შეძენის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ კომპანია ტერმინალის ირიბი მფლობელია. ეს კერძო გარიგება კი ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე მოხდა. მოგვიანებით ობიექტი კერძო მფლობელმაც გაასხვისა.

„მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან მოკლე სია იმ ობიექტების, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფომ გაასხვისა რუსულ კომპანიებზე.

ეს გახლავთ „ჟინვალჰესი“, „ხრამი ერთი“ რუსულ კომპანია „რაო ესზე“, ეს გახლავთ „ხრამი ორი“. წინასწარვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს კომპანიები დღეს ფუნქციონირებენ საქართველოში და ჩვენს ხელისუფლებას მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და ეს ჩამონათვალი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ ვუპირისპირდებით, მაგრამ მე უბრალოდ ფაქტი მომყავს…

ეს არის გარდაბნის მეცხრე ენერგობლოკი, რომელიც თავდაპირველად გასხვისდა „ინტერრაოზე“; ეს არის გარდაბნის მეათე ენერგობლოკი, რომელიც ასევე „ინტერრაოზე“ გასხვისდა; ეს არის „მადნეული“, რომელიც რუსულ კომპანია „პრომიშენი ინვესტორზე“ გასხვისდა; ეს არის „კვარციტი“, რომელიც ამავე კომპანიაზე გასხვისდა; ეს არის კომპანია „ბილაინი“, რომელიც რუსულ კომპანიზე გასხვისდა; ეს არის „აზოტი“, ეს არის გაერთიანებული ქართული ბანკი, რომელიც „ვი-თი-ბი“-ზე გასხვისდა; ეს არ იყო სახელმწიფო ბანკი, ეს უბრალოდ კერძო ტრანზაქციაა, ამასაც ხაზს ვუსვამ და ეს არის „ლუკოილი“, რომელიც შემოვიდა ბაზარზე.

ელმავალთმშენებელი ქარხანა, რომელიც რუსულ კომპანიაზე გასხვისდა; ე.წ. არამიანცის პირველი საავადმყოფო; ეს არის „თბილისის წყალი“, ასევე რუსულ კომპანიაზე გასხვისებული.

ეს არის ძალიან მოკრძალებული ჩამონათვალი, უბრალოდ კონტრასტისთვის, რომ თქვენ იცოდეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, როდესაც თქვენ პრეტენზიებს გვიყენებთ ამ კუთხით“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ.

პრემიერი „გაზპრომის“ საკითხსაც შეეხო. და განაცხადა, რომ ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ გადადგა, სამწუხაროდ, იძულებითი იყო.

“სომხეთმა უკვე უზრუნველყო ირანიდან შემომავალი გაზსადენის განშტოების მშენებლობა, მათ აბსოლუტურად შექმნილი აქვთ ალტერნატიული მიწოდების საშუალება და ჩვენ რომ ეს ნაბიჯი არ გადაგვედგა, ზუსტად ვიცოდით, რომ შესაძლო იყო ამ ტრანზიტის ჩაკეტვა და საქართველო საერთოდ დაკარგავდა ამ შემოსავალს“, – განმარტა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები