შოთა გულბანი: 2017 წელს არსებული გამოწვევებიდან, მნიშვნელოვნების თვალსაზრისით, ლარის კურსი ლიდერობს

“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ჩინეთთან, რამაც საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გაუხსნა გზა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს”,-ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა წლის მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებზე საუბრისას პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სათანადოდ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოში შესაბამისი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოლიტიკის არარსებობასთან არის დაკავშირებული. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ადმინისტრირების კუთხით, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა, რაც ბიზნესს მოგების რეინვესტირების სტიმულს აძლევს.
“2017 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გამოყოფა შეიძლება, მათ შორის, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”, რამაც უნდა განამტკიცოს საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ რუკაზე, როგორც დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის. ამ კუთხით უნდა აღნიშნოს, რომ საქართველო სათანადოდ ვერ იყენებს ამ შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოში შესაბამისი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოლიტიკის არარსებობასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, რაც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს და გაზრდის საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას, რის გამოც, პროექტი უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა.
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ჩინეთთან, რამაც საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გაუხსნა გზა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ცხადია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ექსპორტზე ორიენტირებულ მეწარმეს, მეტ სტიმულს უჩენს, გავიდეს უმსხვილეს ბაზარზე.
საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, აღსანიშნავია მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა, რამაც ბიზნესს მოგების რეინვესტირების სტიმული მისცა. 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში, უცხოელმა ინვესტორებმა რეინვესტირების სახით, 600 მილიონი აშშ დოლარი ჩააბრუნეს განვითარებისთვის, რაც თავისთავად, მეტ წარმოებას და მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს. რეფორმის ნაკლოვანებას რაც შეეხება, ეს მეტწილად დაკავშრებულია იმ რეალობასთან, როდესაც საქართველოში პროდუქციის ძირითადი გამომშვები მსხვილი ბიზნესია და შესაბამისად, ის მეტად სარგებლობს რეფორმით, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს შესაძლებლობა მოგება არ წაიღოს და გაფართოების მიზნით, ბიზნესის განვითარებას მოახმაროს, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესში, მცირეა იმგვარი კატეგორია, რომელიც ამ რეფორმით ისარგებლებს, ვინაიდან მათი შემოსავლები ძირითადად მიმდინარე საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება”,-განაცხადა შოთა გულბანმა.
“აფბას” დირექტორმა 2017 წლის მნიშვნელოვან გამოწვევებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ლარის კურსი ლიდერობს. როგორც მან განმარტა, ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, დადებითად შეიძლება შეფასდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სებ-ის პოლიტიკამ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა იქონია.
“2017 წელს არსებული გამოწვევებიდან, მნიშვნელოვნების თვალსაზრისით, ლარის კურსი ლიდერობს. დოლარიზაციის ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი, ლარის გაუფასურების დროს, მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს მსესხებლებისთვის დოლარში ვალდებულებების ზრდის კუთხით, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მსყიდველუნარიანობაზე და შესაბამისად, უარესდება სოციალური ფონი. ვერ ვიტყვით, რომ ეროვნულმა ბანკმა თავი გაართვა მოკლევადიან პერიოდებში ლარის კურსის მკვეთრი მერყეობების თავიდან არიდებას, ეს მეტწილად, ბაზარმა და ეკონომიკაში მიმდინარე დადებითმა ტენდენციებმა განაპირობა, თუმცა წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ დედოლარიზაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეიძლება შეფასდეს დადებითად, გამომდინარე იქიდან, რომ სებ-ის პოლიტიკამ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაზე გავლენა იქონია.
2017 წელსაც არსებულ გამოწვევად ნარჩუნდება ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმიუწვდომლობა და არადივერსიფიცირებული ფინანსური ბაზრები, განუვითარებელი საფონდო ბირჟა და ძვირი საკრედიტო რესურსი. აღნიშნული გარემოებები აფერხებს კერძო ინიციატივების დაფინანსებას და შესაბამისად, საფუძველშივე კლავს მრავალ პოტენციურად წარმატებულ ბიზნესს, რაც უნდა ყოფილიყო რეალური განვითარების გარანტი”,-განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები