“აფბას” პრეზიდენტი: უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი დარგი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 2017 წლის ეკონომიკური პროცესები შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წელი ქვეყანაში პროდუქტებზე და მომსახურებებზე ფასების საერთო დონის ზრდისგან პრევენციის კუთხით, არ იყო წარმატებული.
“2017 წლის მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4,9%-ა. ათი თვის მონაცემებით, ზრდამ 4,9% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2017-2022 წლებში საშუალო ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4,8% იქნება, რაც რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელია. 2010-2016 წლებში მშპ-ს რეალური ზრდა საშუალოდ 4,7% იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორ ვითარდება მოვლენები რეგიონში, მაგალითად, რუსეთის ეკონომიკური გამოწვევები, საომარი ვითარება უკრაინაში, არანაკლებ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევები თურქეთისთვის, ბუნებრივია, საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ზრდის დაბალი ნიშნული შენარჩუნდება, მთავრობის მიერ მოქნილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სასურველი შედეგის მიღწევა.
2017 წელი ვერ იყო წარმატებული ქვეყანაში პროდუქტებზე და მომსახურებებზე ფასების საერთო დონის ზრდისგან პრევენციის კუთხით. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2017 წელს 4 პროცენტია, თუმცა წლიური ინფლაცია ნოემბერში 6,9%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების ანალიზი ცხადყოფს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსში შემავალ მთელ რიგ პროდუქტებზე და მომსახურებებზე, მათ შორის მედიკამენტებზე და სამედიცინო სერვისებზე, ფასები გაზრდილია“,-აღნიშნა „აფბას“ პრეზიდენტმა.
მან ასევე სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების მატების მიზეზებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წარმატებული გამოდგა 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელი.
„მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ასევე სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, მათ შორის თამბაქოზე და ალკოჰოლურ სასმელებზე. მეტწილად ამგვარი ზრდა არის ერთგვარი შედეგი ერთი მხრივ აქციზური განაკვეთების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ ლარის კურსის მკვეთრი დევალვაციის. 2018 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, რაც შეიძლება ითქვას, რომ ოპტიმისტური და მიღწევადი პროგნოზია, გამომდინარე იქიდან, რომ ისეთი ერთჯერადი ფაქტორის გავლენა როგორიც იყო აქციზური განაკვეთის ზრდა ამოიწურა და პლუს ლარის კურსიც 2,50 ნიშნულის ფარგლებში უნდა იყოს შენარჩუნებული ქვეყნის მონეტარული და ფისკალური ხელისუფლების მიერ, სწორედ ამ ნიშნულზე არის დაგეგმილი 2018 წლის ბიუჯეტი.
საკმაოდ წარმატებული გამოდგა 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებელი. კერძოდ, პირველ სამ კვარტალში მილიარდ 346 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უმსხვილესი ინვესტორების ტოპ სამეული კვლავ აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო არიან. ეკონომიკის სექტორების მიხედვით უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი დარგი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობაა, შემდეგ მშენებლობა, ენერგეტიკა და საფინანსო სექტორი. კვლავ პრობლემად რჩება პორტფელური ინვესტიციების მცირე წილი მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელში, რაც კაპიტალის ბაზრების განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს“,-განაცხადა „აფბას” პრეზიდენტმა შოთა გულბანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები