კვირიკაშვილი გიორგი კანდელაკს: თქვენზე მე კი არა, მთელი საქართველოა გაბრაზებული

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, არ ყოფილა არცერთი საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა, სადაც მას პირადად არ უსაუბრია გალის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების საკითხზე.

აღნიშნული განცხადებით, კვირიკაშვილმა უმცირესობის დეპუტატის გიორგი კანდელაკის შეკითხვას უპასუხა, რომელმაც მას მოსთხოვა დაესახელებინა, ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, ქართული მხარისაგან რამდენი წერილი იყო გაგზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუნდაც ევროპარლამენტში.

კვირიკაშვილის თქმით, გიორგი კანდელაკს შეუძლია აიღოს მისი გამოსვლების ჩანაწერები საერთაშორისო დონის შეხვედრებზე, სადაც, ის ოთხზორიას საქმეზე საუბრობს.

„უფრო მეტიც გიგა ოთხოზორიას საქმეზე უპრეცენდენტო ნაბიჯი გადავდგი და პირადად მივმართე აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას მისი დაკავების და გადმოცემის მოთხოვნით. ეს იყო ჩემი მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯი შერიგების გზაზე, სამწუხაროდ, მათი მხრიდან, ეს ნაბიჯი არ გადაიდგა და უფრო მეტიც, ოთხზორიას მკვლელობისთვის დაკავებული პირი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, შინა პატიმრობაშიც აღარ იმყოფება. არ ყოფილა არცერთი საერთაშორისო ფორმატის შეხვედრა, სადაც მე ამ თემაზე პირადად არ მისაუბრია. ამის ჩანწერები არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ”, – განაცხადა პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, თუ მის ოპონენტებს აქვთ კონკრეტული გეგმა და რეცეპტი, როგორ უნდა დააკავონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოთხზორიას მკვლელი და გაასამართლონ, მზადაა მოუსმინოს.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში ამ საკითხზე ხელისუფლების მიერ არც ერთი წერილი არაა გაგზავნილი, რის საპასუხოდაც, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ წერილების გაგზავნაში სახელგანთქმული თავად გიორგი კანდელაკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები