საქართველოს პრემიერი თერჯოლის მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გოგნის ტაძრის ეზოში შეკრებილ თერჯოლის რაიონის მოსახლეობას გაესაუბრა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივებს, ძირითადად, გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული შიდასაუბნო გზები, მწყობრიდან გამოსული ელექტროგადამცემი ბოძები და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კერძოდ, პრემიერის ინფორმაციით, გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა უახლოეს მომავალში დასრულდება, ელექტროსისტემის რეაბილიტაციას კი „ენერგო-პრო ჯორჯია“ ეტაპობრივად განახორციელებს. რაც შეეხება ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს განუმარტა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში, იმერეთის რეგიონში პირველი სოფლის ახალი ამბულატორია აშენდა, რომელიც აღჭურვილია და მალე სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საქართველოს ყველა სოფელს ექნება. პრემიერმა მოსახლეობას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის განმავლობაში თერჯოლაში სამი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება და მომავალი სასწავლო წლიდან ბავშვები განახლებულ სკოლებში ისწავლიან.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოს ყველა კუთხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, შევუქმნათ მოსახლეობას ცხოვრების, სწავლისა და შრომის ნორმალური პირობები, შევისწავლოთ ყველაზე მწვავე პრობლემები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და მივიღოთ ეფექტური ზომები მათ გადასაჭრელად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.