გიორგი კვირიკაშვილი – ვერ გავიზიარებ გოცირიძის მოსაზრებას, რომ ჩვენი დაპირებების 99% არ შესრულდა

ალექსანდრე ჯეჯელავა დევალვაციის შედეგად არ წასულა. ის ძალიან ღირსეული მინისტრი იყო, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე, რომან გოცირიძის შეკითხვას, რომელიც მინისტრების გადაადგილებასა და ახალ მინისტრებს ეხებოდა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ თვითონ გადაწყვიტა, დაბრუნებოდა იმ საქმიანობას, რასაც მინისტრობამდე აკეთებდა.

„რაც შეეხება ახალ შემადგენლობას, დევალვაციას ხომ არ განიცდისო, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა დევალვაციის შედეგად არ წასულა. ის ძალიან ღირსეული მინისტრი იყო, მან თვითონ გადაწყვიტა დაუბრუნდეს იმ საქმიანობას, რასაც აკეთებდა მინისტრობამდე. მისი მინისტრობის პერიოდში არაერთი საჭირო ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, რატომ მოხდა დიმიტრი ქუმსიშვილის გადაყვანა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილი ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო გადადის გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, რადგან სამინისტროების გაერთიანების შედეგად, ფრონტი გაცილებით გაიზარდა.

„ეს არის ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა და იქ საჭირო გახდა ისეთი ადამიანის მისვლა, როგორიც არის დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელმაც ფინანსთა მინისტრობის პერიოდში ძალიან კარგად გაართვა თავი, რომ სავალუტო ფონდთან განვაახლეთ ძალიან საჭირო ურთიერთობა, დეფიციტი შემცირებულია 3 პროცენტამდე და ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად არის მისაღები“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრის კანდიდატად წარდგენაზე და აღნიშნა, რომ ბახტაძე საკმაოდ აქტიური იყო რკინიგზის ხელმძღვანელობის დროსაც.

პრემიერის თქმით, ის ვერ გაიზიარებს რომან გოცირიძის შეფასებებს და რკინიგზის მაჩვენებელი არ არის პირდაპირი გამოხატულება მენეჯმენტის.
„რკინიგზის მაჩვენებელში აისახება ძალიან ბევრი რეგიონული და გეოპოლიტიკური სიტუაცია, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს. პირველ რიგში, ძალიან გაიზარდა კონკურენცია რეგიონში გადაზიდვებთან დაკავშირებით, ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, მოგების შემცირება გამოიწვია ვალდებულებების გაზრდამ და ამის მიზეზი იყო ბუღალტრული. ვალდებულებები, რომელიც რკინიგზას გააჩნია თავის საბუღალტრო აღრიცხვაში, ლარის დევალვაციის გამო გაიზარდა ღირებულებაში და ამან გამოიწვია მოგების შემცირება. ეს არის ძალიან მარტივი მიზეზი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება რომან გოცირიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების 99% არ შესრულდა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვერ გაიზიარებს გოცირიძის მოსაზრებას.

„ეს თქვენი სუბიექტური მოსაზრებაა“, – განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები