კახა კახიშვილი: ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ უკვე გვყავს დასაქმებული 600-მდე მსჯავრდებული

ჩვენ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მივეცით, – ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ნორმა, რომლის შესაბამისადაც, ყველა მსჯავრდებულს, რომელიც დაბალ და საშუალო რისკის დაწესებულებაშია, საშუალება ექნება დისტანციურად მიიღოს უმაღლესი განათლება.

კახიშვილის თქმით, ეს შემდგომში ხელს შეუწყობს მათი რესოციალიზაციის პროგრამებში უფრო აქტიურად ჩართვას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

სასჯელაღსრულების მინისტრი აცხადებს, რომ დასაქმების პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი პენიტენციურ დაწესებულებებში.

„როდესაც ადამიანი თავისუფლების აღკვეთის პირობებში იმყოფება, მას უნდა შესთავაზო თუ რითი უნდა იყოს დაკავებული – ერთი ეს არის განათლების მიღება (როგორც უმაღლესი,ისე პროფესიული) და მეორე ეს არის დასაქმება. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევქმნათ სამუშაო კერები დაწესებულებებში და ხელისუფლების მხარდაჭერით ჩვენ უკვე გვყავს დასაქმებული 600-მდე მსჯავრდებული, რომელსაც საშუალება აქვს ეს ხელფასი საკუთარ სახლში გადარიცხოს, ამავდროულად, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება მსჯავრდებულებთან გავაფორმოთ სამოქალაქო კონტრაქტები მცირე სარემონტო სამუშაოებზე, ასევე მოგეხსენებათ, რომ შევქმენით სპეციალური ონლაინ მაღაზია, რომელზეც მსჯავრდებულებს იმ პროდუქციის გამოფენის და ონლაინრეჟიმში გაყიდვის საშუალება აქვთ, რომლებსაც ციხეებში დაამზადებენ“, -განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები