მიხეილ ჩხენკელი: ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა  კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე დაწყებულია.

მინისტრის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია.

მინისტრის თქმით, ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად,  საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად  დასანახად და მათ გადასაჭრელად  აუცილებელია ბავშვების  ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ,  უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“.

მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო და ოჯახი, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა, კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები