საქართველოს რეგიონებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან

„ინგლისური საზოგადოებრივი ჩართულობისა და დასაქმებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ბრიტანეთის საბჭომ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები, იუსტიციის სახლებში ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლიან.
სამმხრივ შეთანხმებას ხელი მიხეილ ჩხენკელმა, თეა წულუკიანმა და ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელმა ზაზა ფურცელაძემ მოაწერეს.
პროექტის ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენერებისთვის დახელოვნების ორი კურსი ჩატარდება და 22 ინგლისური ენის მასწავლებელი დიდ ბრიტანეთში ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის. გარდა ამისა, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში, ინგლისური ენის ექვსი კლუბი მოეწყობა, სადაც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებიდან ბავშვები, სრულიად უსასყიდლოდ დაესწრებიან კლასგარეშე გაკვეთილებს, ისარგებლებენ რესურსცენტრში არსებული წიგნებით, ონლაინ რესურსებით, აუდიო თუ ვიდეო მასალით და მონაწილეობას მიიღებენ ინგლისური ენის კონკურსებში. ინგლისური ენის კლუბებში, ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, ასევე მოეწყობა ინგლისური ენის პროფესიული ტრენინგ-სემინარები.
პროექტის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები საქართველოს მასშტაბით პედაგოგებს გადაამზადებენ, რაც ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები