მდინარაძე: ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერი იყო

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” განაცხადა. პარლამენტარის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში, კიდევ ორი დამატებითი ფრაქციის შექმნა დეპუტატებს შორის კოორდინაციას ხელს შეუწყობს და საპარლამენტო მუშაობაზეც კიდევ უფრო დადებითად აისახება.
“მე თვითონ ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი და რამდენიმე თვის წინ პრემიერიც იყო ერთ-ერთი ინიციატორი და გუნდის ლიდერიც ამას ამბობდა, რომ ხომ არ ჯობია მეტი კოორდინაციისათვის, რამდენიმე ფრაქცია კიდევ იყოს. პარტიის ლიდერია და ბუნებრივია, ამაზე საუბრები გვქონდა ხოლმე,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ახალი ფრაქციების შექმნა დეპუტატებს საშუალებას მისცემს ყოველდღიური კოორდინაცია ჰქონდეს ფრაქციის თავმჯდომარესთან და უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
“როდესაც არის საუბარი 86 კაციან ფრაქციაზე, სასურველია და უკეთესიც იქნება, თუ ყოველდღიურ რეჟიმში უფრო მეტი კოორდიანცია იქნება ფრაქცის თავმჯდომარესთან, ან მაგალითად, თითოეულ დეპუტატთან. ეს უზრუნველყოფს, უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების, მსჯელობის პროცესში, თითოეული დეპუტატისა. პარლამენტში 57-58 პროცენტი გამოდის ერთი ფრაქცია მხოლოდ, აქედან გამომდინარე, ნამდვილად სჯობს, რომ ამხელა შემადგენლობა ერთ ფრაქციაში არ იყოს”-აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე.
მისივე განცხადებით, დეპუტატებმა სხვადასხვა ფრაქციებში გადაჯგუფების სურვილი და მზადყოფნა უკვე გამოთქვეს.
“სხვა ფრაქციებიდანაც გამოვლენ ადამიანები და შევლენ იმ ახალ ფრაქციაში. ჩვენგანაც სხვა ფრაქციებში გადავლენ დეპუტატები და გადაჯგუფება მოხდება და ჩაშლა არ მოხდება მხოლოდ”- განმარტავს მდინარაძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები