ირაკლი კობახიძე პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფება, ქვეყნის ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს – მატეუშ მორავიეცკის შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ მატეუშ მორავიეცკის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური შეხვედრაა პრემიერ-მინისტრის რანგში.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თქმით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად მეტი უნდა გაკეთდეს, რაშიც, პოლიტიკოსების აქტიური მუშაობასთან ერთად, განსაკუთრებული როლი ხალხთაშორის ურთიერთობას ენიჭება.

მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საუბარი შეეხო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას.  მატეუშ მორავიეცკის თქმით, მნიშვნელოვანია,  თანამშრომლობა გააქტიურდეს საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში საგარეო მიმართულებით მიღწეული წარმატების შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების გაფორმებაზე გაამახვილა. თავის მხრივ, მატეუშ მორავიეცკიმ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ბიზნეს-ფორუმების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. მისივე თქმით, პოლონეთი რჩება ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერად. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოლონეთი, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთ-ერთი ინიციატორი, აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარების შესახებ ისაუბრეს. მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები