„ბურჭულაძის ბეგარა” – მსოფლიო ბანს ტაძრის მშენებლობისთვის შეწირული მილიონების გაფლანგვაში ამხელენ (ვიდეო)

მას შემდეგ, რაც PosTV-ის საგამოძიებო სტუდიამ პაატა ბურჭულაძე და ფონდი “იავნანა” საქველმოქმედოდ მობილიზებული 10 მილიონ ლარზე მეტის მითვისებაში ამხილა, სტუდია ფონდ „ივერიის“ საქმიანობითაც დაინტერესდა, რომელიც 2010 წელს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა კურთხევით შეიქმნა და რომელსაც, “იავნანას” მსგავსად, პაატა ბურჭულაძე ედგა წლების განმავლობაში სათავეში. ამ ფონდის ერთადერთი მიზანი მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის პატრიარქის მოწოდების შესაბამისად მობილიზებული შემოწირულობების ტაძრის მშენებლებამდე მიტანა იყო.
საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-იმ დღეს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ქველმოქმედის ნიღაბს ამოფარებული პაატა ბურჭულაძე და მისი უახლოესი გარემოცვა, ტაძრის მშენებლობისთვის ხალხის მიერ შეწირულ თანხებსაც ისევე უტიფრად ანიავებდა, როგორც “ივნანას” შემთხვევაში ობოლი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად მობილიზებულ მილიონებს.
უფრო კონკრეტულად, ფილმის მიხედვით, ბურჭულაძემ, ხალხის მიერ ეკლესიის ასაშენებლად შეწირული 17 მილიონიდან 2 300 000 ლარზე მეტი საკუთარი გარემოცვის ხელფასებს, პრემიებს და ე.წ. ადმინისტრაციულ საჭიროებებს მოახმარა იმ ვითარებაში, როცა ეკლესიის ასაშენებლად დაარსებული ფონდის მენეჯმენტი თითქმის სრული შემადგენლობით პარალელურად დასაქმებული ჰყავდა კოლოსალური თანხების მითვისებაში ეჭვმიტანილ ფონდ “იავნანაში”, სადაც ისინი ასევე იღებდნენ სოლიდურ ანაზღაურებას და საკუთარი კომფორტისთვის ხარჯავდნენ შემოწირულობებს.
„მეტიც – მან ტაძრის ფონდს მიაქირავა საკუთარი ფონდის, “იავნანას” ოფისი. ამ გზით ბურჭულაძე ტაძრის ასაშენებლად შეწირულ ფულს უხდიდა საკუთარ თავს, იმ ფართის გაქირავებაში, რომელიც სახელმწიფოსგან ქველმოქმედებისთვის ჰქონდა ნაჩუქარი.
იმ ვითარებაში, როდესაც უშუალოდ ტაძრის მშენებლობაში რეალურად დასაქმებული ადამიანების – არქიტექტორების, ინჟინრების, მუშების და ხელოსნების ხელფასები ჯამურად 2 მილიონ ლარს ოდნავ აღემატება, ფონდის თანამშრომლების ხელფასებმა მილიონ სამასი ათასი ლარი შეადგინა, არადა მათ რეალურად, მხოლოდ ერთი რამ – ხალხის შეგროვებული ფულის მშენებლებისთვის გადარიცხვა ევალებოდათ; 
თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ ფონდ “ივერიისას” და ფონდ “იავნანას” აღმასრულებელი დირექტორის გურამ ახალაიას შემოსავლებს. მაგალითად, 2014 წელს ხელფასების და პრემიების სახით, მან ქველმოქმედებისთვის შეწირული თანხებიდან, 109 782 ლარი აიღო, რაც 30 პროცენტით აღემატებოდა საქართველოს პრეზიდენტის ხელფასს“- ნათქვამია ფილმში.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად, პაატა ბურჭულაძის ფონდ „იავნანას“ საეჭვო ფინანსურ საქმიანობას საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები