ნაირა გელაშვილის ახალი რომანის – „…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“… განხილვა გაიმართება

19 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დარბაზში გაიმართება ნაირა გელაშვილის რომანის – „…ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“… განხილვა. მომხსენებელი მარინე ტურავა.
განხილვის ორგანიზატორები არიან: ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება და ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“.
რომანი გაზაფხულზე გამოიცა. წიგნი დაახლოებით რვაასგვერდიანია და დოკუმენტურ-პუბლიცისტური პროზის მკვეთრი მახასიათებლებით არის აღბეჭდილი. უზუსტესად გადმოსცემს 2003-2013 წლების საქართველოში მოქმედ შევიწროებისა და ჩაგვრის მექანიზმებს. როსტომ ჩხეიძემ მას „თანამედროვე პროზის შედევრი” უწოდა.
ლევან ლორთქიფანიძე, თსუ-ის პოლიტ. მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი:
„რომანი სახელს არქმევს ჩვენი უახლოესი წარსულის ურჩხულს – ლიბერალურ ავტორიტარიზმს: ძალიან ახლოდან გვიჩვენებს მას, კერძოდ, ადამიანის ტანჯვის დეტალებსა და ნიუანსებში. ავტორი ცდილობს, „სამყაროს წყლიან ორმოებში“ ჩაკარგულ მკვდრებს, კერძოდ: „ნაციონალური“ რეჟიმის ათასობით მსხვერპლს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეს: წიგნის ფურცლებზე მაინც უნდა აღსდგეს სამართალი და მათი ღირსება.
საუბედუროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი მიზეზის გამო ვერ მოახერხა სამართლიანობის განცდის დამკვიდრება, სისასტიკის მხილება. ასეთ დროს რიგით მოქალაქეებს მხოლოდ გულადი და მოაზროვნე მწერლების იმედიღა გვრჩება, მხოლოდ მათ შეუძლიათ შესაბამისად შეაფასონ საზოგადოების მიერ განვლილი გზა, რაც ნამდვილად გაუძნელებს ყველა ჯურის ავანტიურისტებს, ისევ და ისევ პროგრესად გაასაღონ ძალადობა.
„ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“ უამრავი მოქმედი პირითა და ლაიტმოტივით დახუნძლული ნაწარმოებია. მასში თქვენ შეხვდებით თანაბარი მნიშვნელობისა და გავლენის მქონე ათობით პერსონაჟს. წიგნის ფურცლებზე გადააწყდებით სიღრმისეულად განხილულ არაერთ საკითხს – ნიკოლა ტესლას სამეცნიერო მიღწევებიდან დაწყებული, სვანეთის მითოსით დასრულებული“…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები