თამარ ჩუგოშვილმა კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ,  თამარ ჩუგოშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემდეგი კანონპროექტები წარადგინა: „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის შემუშავება სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე შიდაეროვნული და საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას და სამსახურის მანდატის შესახებ საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ემსახურება.

თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, იურიდიული დახმარების სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც პერიოდულად ანგარიშებს წარუდგენს მხოლოდ პარლამენტს და ამის მიღმა სრულიად დამოუკიდებლად და ჩარევის გარეშე საქმიანობს. მისი ამოცანაა ეტაპობრივად და მაქსიმალურად გააფართოოს იმ საკითხების არეალი, რომლებზეც გადახდისუუნარო მოქალაქეებს უწევს დახმარებას.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი შემუშავებულია თვითონ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, კანონპროექტის ინიცირებამდე, გაიმართა კონსულტაციები მთავრობასთან და ყველა შესაბამის სამინისტროსთან.

ცვლილებები რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ფართოვდება იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქმედო არეალი. კერძოდ, მისი სამოქმედო სფერო ვრცელდება ოჯახში ძალადობის და ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე. ასევე, არეალი ფართოვდება შრომით დავებთან დაკავშირებით, რადგან მომხსენებლის განცხადებით, შრომითი დავები არის ის სფერო, რომელიც ყველაზე მეტ მოქალაქეს აწუხებს და მიმართვიანობა ამ თემაზე სამსახურს აქვს ყველაზე მაღალი. ფართოვდება არეალი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებულ დავებზეც.

 „ისინი მოემსახურებიან მხოლოდ გადახდისუუნარო მოქალაქეებს და არა ყველა მოქალაქეს, რომელსაც დავა აქვს”, – ხაზგასმით აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, ცვლილება ეხება იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტებას. საბჭო შედგება 9 წევრისგან. 3 წევრს ნიშნავს ადვოკატთა ასოციაცია, 3 წევრს – სახალხო დამცველი, 1 წევრს- იუსტიციის სამინისტრო, 1 წევრს – თვითონ იურიდიული სამსახური თავისი თანამშრომლებისგან, 1 წევრი კი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

„განვლილი პრაქტიკიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახურს სჭირდება, რომ ადვოკატთა ასოციაციიდან წარდგენილი 3 პირი იყოს სხვა წესით შერჩეული. ცვლილებით, ეს წესი იქნება უფრო დემოკრატიული და გამჭვირვალე, რადგან ღია კონკურსი ჩატარდება და იმ ადვოკატს, რომელსაც დაასახელებენ და წარადგენენ საბჭოში, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გააკეთა თავისი საქმიანობის შეფასება საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, რომელთა რეკომენდაციაა, საბჭოს 6 წევრის შემადგენლობა როტაციული იყოს ანუ 2 წევრი იცვლებოდეს ყოველწლიურად.

„ეს, მათი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს ახალი სისიხლის შედინებას ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნების ფონზე”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ კანონპროექტს, რადგან მიაჩნიათ, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.

დღესვე კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ” . წარმოდგენილ კანონპროექტებში ტერმინი „ფულადი პრემია” იცვლება ტერმინით „ფულადი ჯილდო”, რადგან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს „ფულად პრემიას”. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები