“მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი კანონის მიღება რომ არ უხარია – ეს ჩვეულებრივი ამბავია“
ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ეკლესიისა და ხელისუფლების დაპირისპირების ნიშნები არ იყო და არც არის, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ეკლესია და ხელისუფლება – ეს არის ორი კონკრეტული ინსტიტუცია, რომელიც ერთმანეთს არ უპირისპირდება.
“ეკლესია და ხელისუფლება ორი კონკრეტული ინსტიტუციაა, რომელიც ერთმანეთს არ უპირისპირდება. ღიად უნდა ითქვას, რომ როგორც სასულიერო, ისე საერო საზოგადოების მხრიდან კონკრეტული ადამიანების ჯგუფს ამ საკითხზე დაპირისპირდა ჰქონდათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის. ვიცნობ რა ჩვენს პატრიარქს, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ რამდენიმე სასულიერო პირის განცხადებებს, რომელიც ზრდილობასთან პრობლემაში მოდიოდა – არანაირი კავშირი არ აქვს პატრიარქის ან საპატრიარქოს პოზიციასთან. ის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი კანონის მიღება არ უხარია -ეს ჩვეულებრივი ამბავია“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.