“ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა”

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კონფერენციაზე „სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“, სადაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის შედეგებს აჯამებენ, განაცხადა, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა.
მისივე თქმით, ეს საქართველოსთვის 52 მილიონ ევროიან დახმარებას გულისხმობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, რადგანაც ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას აღვნიშნავთ, რომელიც გულისხმობდა 52 მილიონ ევროიან დახმარებას საქართველოსთვის და რომლის ფარგლებშიც საქართველოში მოხდა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერა. მათ შორის, _ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ჩამოყალიბება, კოოპერატივების სააგენტოს შექმნა და კოოპერატივების ფორმირება, კანონმდებლობის შექმნა ამ კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ EMPARD მიმდინარეობს დღეს, რომელიც 2016 წელს დაიწყო და პარალელურად ჩვენ აღვნიშნავთ EMPARD სამის შეთანხმებას ევროკავშირთან, რაც გულისხმობს დამატებით 79 მილიონიან დახმარებას საქართველოსთვის. ეს იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარება, ისე დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომ მხარი დაეჭიროს კერძო ბიზნეს-ინიციატივებს, ადგილობრივ ინიციატივებს სოფლის განვითარებისთვის“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 52 მილიონი ევროს (150 მილიონი ლარის) ბიუჯეტით მიმდინარეობდა. პროგრამა სამ ძირითად მიზანს ეფუძნება: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასთან ახლოს მდგომი ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთესი კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს; (2) საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა; (3) საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი ცნების დამკვიდრება, რაც, სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, სოფლად დასაქმების სხვა შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები