კახა კალაძე: ორბელიანის მოედანზე მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება შენობა-ნაგებობების რესტავრაცია

თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, ორბელიანის მოედანზე გამართა.
კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდს, დედაქალაქის მერიასა და ცენტრალურ ხელისუფლებას ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც თბილისის მერმა პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა, საკანალიზაციო, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოები უკვე განხორციელდა.
„პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ამ კონკრეტულ უბანში ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შესაბამისად, აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება. აღნიშნული პროექტი იმ დიდი კონცეფციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც მთლიანად ძველი, ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ტურიზმის განვითარებაში თბილისის ისტორიული ნაწილის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებული პოტენციალი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
„ჩვენი ვალდებულებაა, რომ ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ცხოვრება კომფორტული და რაც მთავარია, უსაფრთხო გავხადოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ოჯახს, რომლებმაც ამ სახლებში თაობები იცხოვრეს და ძველ თბილისს უნიკალური იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნეს, დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ყველა ის ადამიანი, ვინც ამ შენობებს მოერგო, არ დააზიანა ფასადები, სადარბაზოები და მთლიანობაში ეს უნიკალური არქიტექტურა დღემდე მოიტანა, არის ნამდვილი, საპატიო თბილისელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, მომდევნო წლების განმავლობაში, ქალაქის განვითარებისთვის შესაბამისი პროექტები იგეგმება, რომელთა განხორციელებაშიც თითოეული თბილისელის როლი მნიშვნელოვანი იქნება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 52 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს. კერძოდ, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას, ისტორიული და რიგითი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას, მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობა-რედიზაინს, მწვანე კომპონენტის განახლებასა და ახალი სივრცეების მოწყობას.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტის მიმდინარეობისას 2000-მდე ადამიანი დასაქმდება.
ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები