მამუკა ბახტაძე: ბიზნესს გავაცანით ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმები

ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა.
“შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნესს გავაცანით ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის, რადგან იგი დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისივე განმარტებით, დღგ-ის რეფორმის ნაწილზე, ის დეტალურად საუბარს პარლამენტში გამოსვლისას გეგმავს.
“ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს, ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეში, მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები