თენგიზ ფხალაძემ ლატვიაში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, დისკუსიაში “აღმოსავლეთ პარტნიორობა – განვითარების გამოწვევები და პერსპექტივები” მონაწილეობა მიიღო, რომელიც ლატვიაში, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საელჩოების, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპული კომისიის თანამშრომლობით ჩატარდა.

თენგიზ ფხალაძემ თავისუფალი და უსაფრთხო ევროპის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება საქართველოს მონაწილეობის გარეშე ვერ განხორციელდება.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის განცხადებით, საქართველოს განვითარების გზა, ევროპული გზაა და საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ეს არჩევანი ეჭვქვეშ არასოდეს დაუყენებია.

პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს როლის, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივების, თავისუფალი ვაჭრობის, საქართველოს, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი “ხიდის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატების საუკეთესო მაგალითია და მასთან მიმართებაში უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული პრინციპი “მეტი-მეტისათვის”.

“დღეს მნიშვნელოვანია მეტი პრაქტიკული მექანიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, ბიზნესს ერთმანეთთან დაახლოვებს. ბრიუსელის სამიტი არ იყო ყველაზე წარმატებული, მაგრამ მისი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, მათ შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ნაწილში.

ევროკავშირი დღეს გამოწვევების წინაშეა, მაგრამ ამ სირთულეებმა არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა და საქართველო გამოიყენებს, როგორც ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ყველა სხვა, შესაძლო ინსტრუმენტს ამ მიზნის მისაღწევად”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ლატვიის პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს მაია მანიკას შეხვდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-ს მომავალი სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა.

თენგიზ ფხალაძემ, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტის საგარეო მრჩეველს ყველა საერთაშორისო ფორმატში ლატვიის მიერ საქართველოს პოზიციების დაცვისა და მხარდაჭერისათვის.

თენგიზ ფხალაძემ ლატვიელ კოლეგასთან კონკრეტულ პროექტებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილა. მათ შორის, სამი ზღვის თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მონაწილეობა, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები