ვლადიმერ პაპავა: ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მომავალი გახდეს

თსუ-ს პროფესორი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება ქვეყნის პოლიტიკური მომავალი.

„დავუშვათ და მოხდა ასეთი სცენარი, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც დააკავეს, აიყვანეს და მოხდა მისი საქართველოში ექსტრადირება. „ქართული ოცნების” დეპუტატები რომ გამოდიან და ამბობენ, ეს ჩვენ არ გვეხებაო, ვის ატყუებენ?! საკუთარ თავს?! ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მომავალი გახდეს, თუმცა, თუკი მისი ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება პოლიტიკური მომავალი. ქართველი ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ივიწყებს ცუდს, მერე ვიღაცას შეეცოდება, ციხეში ზის ჩვენი მიშიკოო”, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ძებნილთა სიაში შეიყვანეს. ჩანაწერი ბაზაში დღეს განთავსდა.

მიხეილ სააკაშვილი კიევში გუშინ დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები