ირაკლი სესიაშვილი: საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავენ.

„თუკი ჩვენ გვსურს, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყოს აღჭურვილი საერთო ერთიანი ხედვით უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, მიმაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე საჭიროა შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური სამსახური. არ გეგონოთ, რომ მე გთავაზობთ რაღაც დიდ სტრუქტურას ან დიდ ბიუროკრატიულ მექანიზმს. ეს შეიძლება იყოს 15-20 კაციანი შემადგენლობა, რომელიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მოახდინოს სხვადასხვა სამინისტროს მიერ განსაზღვრული, გაანალიზებული ხედვის გაერთიანება და ამის საფუძველზე ერთიანი ეროვნული შეფასების მიწოდება მთავრობისთვის, საზოგადოებისთვის, შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, არსებული უსაფრთხოების საბჭო სწორედ ამ ნაწილში იყო რეკომენდატორი მთავრობისთვის.

„ვფიქრობ, ეს ფუნქცია კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს, თუმცა არა ბიუროკრატიულად, არამედ შინაარსობრივად, რადგან შეიძლება ერთი სამინისტრო თავისი მეტ-ნაკლებად სუბიექტური ხედვით აყალიბებდეს თავის პოლიტიკას და ანალიტიკა ეფუძნებოდეს მის ინტერესებს, თუმცა საჭიროა, რომ არსებობდეს გარკვეული კონტროლის მექანიზმი, გადამოწმების საშუალება და საერთო ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა, ამიტომ მთავრობასთან ერთად ჩვენ ამაზე ვმსჯელობთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით წავალთ, თუ ერთიანი ეროვნული ანალიტიკური სამსახური ჩამოყალიბდება. რა ფორმით და რა სახელით ამაზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები